ახალი ამბები

მედია, ეკონომიკა და უსაფრთხოება ჩრდილოვან ანგარიშში

8 აგვისტო, 2011 • 1368
მედია, ეკონომიკა და უსაფრთხოება ჩრდილოვან ანგარიშში

როგორ სრულდება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა მედიის, ეკონომიკის და უსაფრთხოების სექტორში ფონდ ”ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ მონიტორინგისთვის არჩეული თემებია. კვლევის შდეგები  საზოგადოებას დღეს  სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” გააცნეს.

 

2009 წლის ოქტომბერში, ფონდის შიდა პროექტის ფარგლებში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი დაიწყო.  სამ სექტორში კვლევა ფონდის ექსპერტებმა, თამარ პატარაიამ, ნინო დანელიამ და რევაზ საყევარიშვილმა გააკეთეს.

 

სამივე სექტორის ანალიზისთვის ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ”ჩრდილოვანი ანგარიშის” გაცნობას ესწრებოდნენ, ავტორებს მადლობას უხდიან, თუმცა დავით დარჩიაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და არჩილ ყარაულაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელი ამბობენ, რომ უმეტეს საკითხებში ანგარიშის ავტორებს არ ეთანხმებიან.

 

 

”ნაწილობრივ თავისუფალი” ქართული მედია

 

ანგარიშის პირველი ნაწილი, რომელიც მედიას ეხება, რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორის ერთ-ერთი თავისუფალი მედიის ხელისშემშლელი ფაქტორებია.

 

მედიის მკვლევარი ნინო დანელია, ამ ფაქტორად მარეგულირებელ კომისიას ასახელებს.

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, კანონის მიხედვით, დამოუკიდებელი მარეგულირებელი  ორგანო უნდა იყოს, ის ხელისუფლების მიმართ ლოიალურია. და შესაბამისად მისი გადაწყვეტილებები ”ნეგატიურია … და არ უწყობს ხელს დემოკრატიული კანონიერი ინსტიტუტების განვითარებას.”

 

ასევე, როგორც კანონდარღვევა, ფიქსირდება მედიის მფლობელების პრობლემა. ნუსხაში, სადაც ძირითადად რეგიონული მედიის მფლობელები ფიქსირდებიან, მითითებულია მათი თანამდებობები. “ხშირ შემთხვევაში მფლობელები არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თუ პოლიტბიუროს წარმომადგენლები, რაც ”მაუწყებლობის შესახებ კანონის” 37-ე მუხლის დარღვევაა”– ნათვამია კვლევაში.

 

დანელიას თქმით მედია ბიზნესი კომერციულ ბიზნესად ვერ ჩამოყალიბდა.

ბეჭდური მედიის უმრავლესობა მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო დამოუკიდებელი მედიისთვის არსებობის ერთადერთი წყარო საერთაშორისო ფონდების დაფინანსებაა.

 

დამოუკიდებელი მედიის განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის სარედაქციო დამოუკიდებლობა კვლავ პრობლემად რჩება.  დამოუკიდებლობის სიმწირეს კი ემატება თვითცენზურა და ჟურნალისტების ნაწილში არსებული კონფორმიზმი.

 

ანგარიშის ბოლოს დანელია რეკომენდაციებით მიმართავს ევროკომისიას, საქართველოს მთავრობას, მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას.

 

მთავარი მესიჯი ევროკომისიისადმი მედია პროექტების დაფინანსებაა და ასევე საქართველოს მთავრობისთის ნაციონალურ ტელეკომპანიებზე სარედაქციო დამოუკიდებლობის, როგორც პრიორიტეტის განსაზღვრა.

 

რაც შეეხება მთავრობის ნაწილში რეკომენდაციას, დანელია ნომერ პირველ რეკომენდაციად მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალობისთვის კანონის უზრუნველყოფას მოითხოვს. ასევე შრომის კოდექსის შეცვლას, რათა დაქირავებულმა თავი დაცულად იგრძნოს. რეკომენდაციაა მარეგულირებელი კომისიის და საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციის პროცესის დაწყებაც.

 

დავით დარჩიაშვილმა, ნინო დანელიას კვლევასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შიდა პრობლემებს, რომელიც მედიაშია, კანონი ვერ დაარეულირებს.

”ვიღაც X თუ ვიღაცის საქმეში ერევა, ვერანაირი კანონი ამას ვერ დაარეგულირებს.”

 

ნინო დანელიას თქმით, კი, როცა ეს ”ვიღაც X”  ქალაქის მერია, რთულია დაარქვა, რომ ეს თვითცენზურაა და როდესაც თავად ხელისუფლება იძლევა დირექტივებს, ეს არის პრობლემა. ”

 

დანელიას თქმით, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მედიაში ჩარევისგან და “მეორე,  ამას უშველის პროფესიული სოლიდარობა, როდესაც ერთი ჟურნალისტი არ იქნება შეტოვებული საბრძოლველად ხელისუფლებასთან.”

 

ეკონომიკის მთავარი პრობლემები

 

რევაზ საყევარიშვილი ეკონომიკის სფეროში რამდენიმე პრობლემას გამოყოფს. მათ შორის ერთ-ერთი უძრავი ქონების ბაზრის დაუცველობაა. ასევე შრომის კოდექსი, რომელიც მისი თქმით, ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებს.

 

ყურადღება გამახვილებულია სტატისტიკის ახალი სამსახურის ჩამოყალიბებაზე. საყევარიშვილი ამბობს, რომ ეჭვს იწვევს აღნიშნული სტრუქტურის დამოუკიდებლობა.

 

ანგარიშში საქართველოს “ეკონომიკის დაცემის” მიზეზებზეა ყურადღება გამახვილებული.

 

”ეკონომიკის დაცემის მიზეზი წმინდა პოლიტიკური მიზეზების გარდა, ქვეყნის შიგნით აქტივობის შემცირება, საინვესტიციო ნაკადების მნიშვნელოვანი კლება და ასევე საკრედიტო რესურსების შეზღუდული ხელმისაწვდომობაა.”

2010 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 2% იყო პროგნოზირებული, საეჭვოდ ეჩვენება საყევარიშვილს.

 

საყევარიშვილის რეკომენდაცია ევროკავშირის მიმართ ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე კონტროლის გამკაცრებაა. ასევე ვალდებულებების უფრო დეტალური გაწერა და საზოგადოების ინფორმირება. თავის მხრივ ხელისუფლებასაც საყევარიშვილი ნაკისრ ვალდებულებების შესრულებას ურჩევს.

 

რადიკალური უწოდა საყევარიშვილის შეფასებებს არჩილ ყარაულაშვილმა. მისი თქმით მკვლევარებმა ”პოზიტიური მომენტები გამოტოვეს.”

 

”აქ იყო რადიკალური შეფასებები, რომ ჩვენი შრომითი კოდექსი აბსოლუტურად განსხვავდება ევროპული მიდგომებისგან. რომ სურსათის უვნებლობის საკითხები იგნორირებულია. ”

 

უსაფრთხოების სექტორი:

 

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის, ევროკავშირი – საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებები ასევე გულისხმობს საქართველოში თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში კარგი მმართველობის პრაქტიკის დანერგვას და შეირაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის განხორციელებას.

 

მიზნის მიღწევისთვის კი თამარ პატარაიას, რომელმაც კვლევაზე იმუშავა, რამდენიმე კრიტერიუმი აქვს ჩამოყალიბებული. მათ შორის ერთი საქართველოს პარლამენტის გაძლიერებაა. მისი თქმით, ცვლილებებმა, რომელიც 2004 წელს შევიდა კანონში, პარლამენტი შეასუსტა და პრეზიდენტის უფლებამოსილება გაზარდა.

 

ანგარიშში ამ სფეროში პრობლემად ასევე დასახელებულია სამხედროთა უფლებების დაცვის საკითხი.

 

რეკომენდაციები, რომელიც თამარ პატარაიმ ევროკავშირისადმი გამოყო, ევროპის უსაფრთხოეიბის და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში მცდელობის გააქტირუებას ითვალისწინებს, რათა სადამკვირვებლო საქმიანობა განხორციელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.ასევე დამკვირვებელთა მანდატების გაფართოებას და მათი რაოდენობის გაზრდას.

 

ვრცელია აღმასრულებელი ხელისუფლების და პარლამენტისადმი რეკომენდაციები. მათ შორის 9 პუნქტია, რომელთა შორის პირველია უსაფრთხოების სექტორში საპარლამენტო კონტროლის  განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების ხელთ არსებული მექანიზმების სრულყოფილად ამოქმედებაა. ასევე თავდაცვის სამინისტროში უწყების შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერება, სამხედროთა უფლებების დაცვა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც შეხვედრაზე იყვნენ მოწვეულნი, კრიტიკულად მიუდგნენ მკველავრების შეფასებებს, აღნიშნეს, რომ ისინი ნებისმიერ დროს არიან მზად, ნებისმიერი საკითხის განსახილველად. რიგი საკითხების განსახილველად   დავით დარჩიაშვილმა ფონდის ხელმძღვანელი  ქეთი ხუციშვილი და კვლევის ავტორები მიიწვია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი