ახალი ამბები

თურქეთთან მედიკამენტების ბაზარი გაიხსნა, წამლები გაიაფდება – ღარიბაშვილი

17 იანვარი, 2022 • 3651
თურქეთთან მედიკამენტების ბაზარი გაიხსნა, წამლები გაიაფდება – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც „გაიხსნა ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი, GMP ხარისხის წამლები“.

17 იანვარს მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საგრძნობლად დიდია სხვაობა წამლებს შორის“:

„ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს 10 ლარი, თურქეთში ღირს 1 და 2 ლარი. ამიტომ არცერთი არგუმენტი, რატომ არ უნდა ყოფილიყო თურქეთთან ბაზარი გახსნილი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა“.

პრემიერ-მინისტრის თანახმად, განკარგულება ძალაში 17 იანვრიდან შევიდა. „მე იმედი მაქვს, იმპორტიორები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც ძალიან სწრაფად მნიშვნელოვნად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში“, – განაცხადა მან.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე, რის შემდეგაც რეკომენდაციები გაეგზავნათ პარლამენტსა და მთავრობას.

„მე ახლა მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტების შესაბამის კომიტეტებს, რომ ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა, რადგან საჭირო იქნება რიგ კანონებში ცვლილება და ეს კიდევ უფრო დაეხმარება და კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს“, – მიმართა ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს.

„ერთი მხრივ, ამოცანა უნდა იყოს ფასების მონიტორინგი, – რეგულირებას არ ვიხმარდი ამ ეტაპზე, – და ხარისხის კონტროლი. ხარისხიანი მედიკამენტი უნდა მიეწოდებოდეს ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, მზარდი სამოქალაქო უკმაყოფილების ფონზე, უკვე არაერთხელ ისაუბრა მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე და განაცხადა, რომ მთავრობა ვალდებულია, „დროული რეაგირება“ ჰქონდეს ამ პრობლემაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი