ახალი ამბები

მოსახლეობის 54% სსრკ-ს პერიოდს დადებითად აფასებს — კვლევა

11 მაისი, 2022 • 1504
მოსახლეობის 54% სსრკ-ს პერიოდს დადებითად აფასებს — კვლევა

საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამამ, CRRC საქართველოსთან თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკრაინაში ომის დაწყებამდე, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 54 პროცენტი საქართველოს ისტორიაში საბჭოთა კავშირის პერიოდს დადებითად აფასებს.

შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებენ საბჭოთა კავშირის პერიოდს საქართველოს ისტორიაში, გამოკითხულთა მხოლოდ 14 პროცენტი აფასებს ძალიან უარყოფითად, 24 პროცენტი კი „უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად“. კითხვაზე 9 პროცენტმა არ უპასუხა, ან უპასუხა, რომ არ იცოდა.

გამოკითხულთა 52 პროცენტი მიიჩნევს, რომ მასზე საბჭოთა კავშირში უკეთ ზრუნავდნენ, ვიდრე დღევანდელ საქართველოში.

კვლევის თანახმად, საბჭოთა კავშირი უფრო პოპულარულია 55 წელს ზემოთ ასაკის მქონე და სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს შორის.

ასევე, საბჭოთა კავშირს უფრო დადებითად აფასებენ ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლები.

საბჭოთა კავშირის პერიოდს დადებითად აფასებს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის 70 პროცენტი და ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის 69 პროცენტი მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირს დადებითად ეთნიკური ქართველების 21 პროცენტი აფასებს.

„როგორ შეაფასებდით საბჭოთა კავშირის პერიოდს საქართველოს ისტორიაში“ –  პასუხები დემოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით

კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network, USAID დაფინანსებით, საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანი საზოგადოებაში დეზინფორმაციასა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა.
კვლევის ფარგლებში სულ ჩატარდა 3,024 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით, 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით).

გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი