ახალი ამბები

როგორ მოიქცევა ქართველი მომხმარებელი, თუ დეზინფორმაციას გადააწყდა — კვლევა

8 მაისი, 2023 • 1597
როგორ მოიქცევა ქართველი მომხმარებელი, თუ დეზინფორმაციას გადააწყდა — კვლევა

Zinc Network-ის დაკვეთით, CRRC საქართველოს მიერ  ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, სოციალურ მედიას თითქმის ისეთივე სიხშირით მოიხმარენ, როგორც ტელევიზიას. კერძოდ, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77% ტელევიზორს კვირაში ერთხელ მაინც უყურებს, სოციალურ მედიას კი კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარს გამოკითხულთა 75%.

ამავე კვლევის მიხედვით, კვირაში ერთხელ მაინც ონლაინ მედიას გამოკითხულთა 51% ეცნობა, მაშინ როცა ბეჭდურ მედიას ამავე ინტენსივობით გამოკითხულთა მხოლოდ 6% კითხულობს, რადიოს კი 8% უსმენს.

ამასთან, კვლევის ავტორების განცხადებით, ზოგადად, ტელევიზიების მიმართ ნდობა დაბალია. 2023 წლის იანვარში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 24% ყველაზე მეტად პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებდ ტელეკომპანია „იმედს“ ენდობოდა, 21% კი ამბობდა, რომ არცერთ ტელევიზიას ენდობოდა. აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 2023 წლის მარტში ჩატარებულ გამოკითხვაში, რომლის ფარგლებშიც ტელეკომპანია „იმედს“ გამოკითხულთა 25% ენდობა, 25% კი აცხადებს, რომ არცერთ ტელევიზიას არ ენდობა.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობა რუსულ და გაცხადებულად პრო-რუსულ ტელევიზიებს ყველაზე ნაკლებად უყურებს და ენდობა. გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე, რამდენად ხშირად უყურებენ შემდეგ სატელევიზიო არხებს, კვირაში ერთხელ მაინც ტელეკომპანია „იმედს“ 59%-მა უპასუხა, „რუსთავი 2-ს“ -53%-მა, „მთავარ არხს“ კი — 42%-მა. გამოკითხულები ყველაზე ნაკლებად „ობიექტივს“, „ალტ ინფოს“, ORT-ს, NTV-სა და RTR-ს უყურებენ.

ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობა ძირითადად ახალ ამბებს, (73%), ფილმებსა და სერიალებს (58%) და გასართობ გადაცემებს უყურებს (28%).

სოციალური მედიაპლატფორმებიდან ყველაზე ხშირად გამოკითხულები „ფეისბუკს“, „იუთუბს“ „ინსტაგრამს“ და „ტიკ ტოკს“ იყენებენ. შეტყობინებების გასაგზავნად კი „მესენჯერს“, „ვათსაფსა“ და „ვაიბერს“ ხმარობენ.

რაც შეეხება ყალბი ინფორმაციის ამოცნობის საკითხს, 10-დან 4 გამოკითხული ფიქრობს, რომ შეუძლია დეზინფორმაციის იდენტიფიცირება.

გამოკითხულთა 28% აცხადებს, რომ იმის გასარკვევად, ინფორმაცია ნამდვილია თუ ყალბი, აზრს ოჯახის წევრს შეეკითხებოდა, 26% ახალი ამბის ალტერნატიულ წყაროებს შეამოწმებდა, 23% კი აცხადებს, რომ არაფერს მოიმოქმედებდა.

გამოკითხულთა უმრავლესობა არაფერს მოიმოქმედებდა იმ შემთხვევაშიც, თუ დარწმუნებული იქნებოდა, რომ ინფორმაცია ყალბია. გამოკითხულთა 12% აღნიშნულ კითხვაზე ამბობს, რომ სოციალურ მედიაში ყალბი ინფორმაციის შემცევლ პოსტს გაასაჩივრებდა, 11% კი გააზიარებდა და დაწერდა, რომ ეს ცნობა ყალბია, მაშინ როცა გამოკითხულთა 63%-ის თქმით, არაფერს გააკეთებდა.

ამასთან, კვლევის ავტორების განცხადებით, მოსახლეობა ყველაზე მეტად ოჯახს/მეგობრებს და პატრიარქს ენდობა. გამოკითხულთა 49% ყველაზე მეტად ოჯახის წევრებს ენდობა, 29% კი — პატრიარქს.


კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 2.4%.

დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს განახორციელა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%.

Zinc Network-ის განცხადებით, გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი