ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უკრაინის მხარდამჭერი ვიდეოს გამო კიევში მცხოვრებ ყაზბეგ თედეევს ოსეთში ემუქრებიან

10 მაისი, 2022 • 8577
უკრაინის მხარდამჭერი ვიდეოს გამო კიევში მცხოვრებ ყაზბეგ თედეევს ოსეთში ემუქრებიან

უკრაინის ომში რუსეთის დადანაშაულებისა და უკრიანის მხარდამჭერი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, კიევში მცხოვრებ, უკრაინის მოქალაქე ყაზბეგ თედეევს ვლადიკავკაზში მცხოვრები თედეევის გვარის წარმომადგენლები ემუქრებიან. ამის შესახებ თავად ყაზბეგ თედეევმა რადიო თავისუფლებას ინტერვიუში უამბო.

ყაზბეგ თედეევი ჰყვება, რომ მისი გვარის, თედეევების წარმომადგენლებმა ჩრდლოეთ ოსეთში, მათ შორის სახელმწიფო ქონების მინისტრმა რუსლან თედეევმა, გამოაქვეყნეს ვიდეომიმართვა და მოუწოდეს მას, “გონს მოეგოს”.

“როგორც კი ეს ვიდეო გამოვაქვეყნე, ვლადიკავკაზში მცხოვრებ დედაჩემთან მივიდნენ და გაეცნენ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებად. უთხრეს, რომ ერჩია ჩემთვის, დავბრუნდე ოსეთში, რადგან უკრაინაში საფრთხე მემუქრება და შეიძლება ვეღარასოდეს მნახოს. ცდილობდნენ დაეშინებინათ ის. მამაჩემი, ელკან თედეევი, ევროპის პირველი ვერცხლის ჩემპიონი იყო ოსებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში. დედა რესპუბლიკის დამსახურებული ექიმია. სწორედ ჩვენი ოჯახის რეპუტაციის გამო იყო ამხელა ყურადღება”, – ამბობს თედეევი.

ამასთან, როგორც ის აცხადებს, ბევრი ოსი პირადად სწერდა, რომ იმედს იტოვებდნენ, მოისყიდეს და აიძულეს, ეს გაეკეთებინა.

ვიდეომიმართვა, რომელშიც თედეევი ოსებს მიმართავდა და სიმართლეს უყვებოდა რუსეთის მიერ უკრაინაში ომისა და ჩადენილი დანაშაულების შესახებ, სოციალურ ქსელებში მარტის ბოლოს გამოქვეყნდა.

გამარჯობა. ვერ გეტყვით, მშვიდობიანი დღე-მეთქი, რადგან თვეა უკვე ჩემს ქვეყანაში ომია. მე ყაზბეგ თედეევი ვარ, უკრაინის მოქალაქე. ვცხოვრობ ქალაქ კიევში. და იმის გამო, რასაც ახლა ვიტყვი, დარწმუნებული ვარ, ჩემს სამშობლოში, ოსეთში გამრიყავენ. მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი სიმართლის თქმაა, ვიდრე გაჩუმება და თავის მოჩვენება, რომ არაფერი ხდება.

მე ვიმყოფები კიევში და ვარ ომის მოწმე და მონაწილე. ამიტომაც მინდა ვუპასუხო კითხვებს, რომლებსაც მისვამენ რუსეთის პროპაგანდით გაგიჟებული ადამიანები, და იმ ხალხის კითხვებს, რომლებიც უბრალოდ ღელავენ ჩემ გამო. ბევრი თქვენგანი ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს, მე კი იმას გეტყვით, რასაც საკუთარი თვალით ვხედავ. თქვენ გიყვებიან საშიშ ბიოლაბორატორიებზე უკრაინის ტერიტორიაზე, რომ ბომბებსა და რაკეტებს უშვებენ უშუალოდ სამხედრო ობიექტებისა და ნაცისტების მისამართით. გაახილეთ თვალები. რუსული ჯარები მიწასთან ასწორებენ მშვიდობიან რუსულენოვან ქალაქებს, მარიუპოლს, ხარკივს, ჩერნიგოვს, სუმის, სადაც ყოველთვის რუსულ ენაზე ლაპარაკობდნენ. ისინი ანადგურებენ საავადმყოფოებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ სახლებს. თქვენი აზრით, ეს სამხედრო ობიექტებია? საიდუმლო ლაბორტორიები? აი, ჩემ უკან სახლია კიევში, რომელსაც რაკეტა ესროლეს. ნუთუ, ეს სახლი ჰგავს სამხედრო ობიექტს ან ბიოლაბორატორიას? ამას წინათ იმ კვარტალში, სადაც მე ვცხოვრობდი, დაიღუპნენ მოხუცები, რომლებმაც უბრალოდ ვერ მოასწრეს ჩასვლა სარდაფებში. რუსი განმათავისუფლებლებისგან ვერ მოაწრეს გაქცევა 21-ე საუკუნეში. იქაც იმალებოდნენ ნაციონალისტები და ფაშისტები?

10 წელზე მეტია უკრაინაში ცხოვრობ და მერწმუნეთ, ჩემო საყვარელი ოსეთის მკვიდრნო, პირი, გამოკვეთილი კავკასიური გარეგნობითა და დამახასიათებელი აქცენტით, უკრაინაში ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს შევჯახებივარ აგრესიას, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ჩემს გარეგნობასთან, ნაციონალობასთან ან ენასთან. მე მშვიდად დავდივარ უკრაინაში, ვსწავლობდი ხარკოვში. დეკემბერში ვიყავი სტუმრად ლვოვში მეგობრებთან, ვმუშაობდი კიევში. უკრაინელები კეთილმოსურნე და სტუმართმოყვარე ერია. ჩემი მისამართით არასოდეს მომისმენია შეურაცხმყოფელი ტერმინები.

ამავე დროს, ძალიან კარგად ვიცი მოსკოვში საცხოვრებლის დაქირავების დროს რა სირთულეებია არასლავური ეროვნების ადამიანებისთვის. ან ფრაზები “მოსკოვი მოსკოველებისთვის” და “რუსეთი რუსებისთვის” ასევე უკრაინელმა ნაციონალისტებმა მოიგონეს? მითხრას უკრაინაში მცხოვრებმა დაღესტნელმა, ჩეჩენმა, ყაბარდოელმა, სომეხმა, ქართველმა და აზერბაჯანელმა, რომ მას კიევში ავიწროებდნენ ნაციონალური ნიშნით. 1000%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი არ მოიძებნება. თითოეული ჩვენგანისთვის უკრაინა მეორე საყვარელ სახლად იქცა. მიპასუხეთ, სად არიან ნაცისტები, ფაშისტები და ქსენოფობები? კითხვებს მისვამენ ოდესაში პროფკავშირების სახლზე, ჟურნალისტისა და მწერლის, ბუზინას მკვლელობაზე. მე ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ჩვენს სახელმწიფოში პრობლემები არ არის და ყველაფერი იდეალურად და სამართლიანადაა. დიახ, პრობლემები არსებობს, მაგრამ ეს ჩვენი, შიდა პრობლემებია და ჩვენ თავად, ჩვენი ძალით გადავჭრით მათ.

ახლა კი მიპასუხეთ კითხვაზე, რა ბედი ეწია 2004 წელს ბესლანის სკოლაში მასობრივი მკვლელობის გამოძიებას? ყველა დამნაშავე გამოავლინეს და დასაჯეს? რომელი თანამდებობის პირის მიმართ დადგა პასუხისმგელობა? ისიც ხომ არ დაგავიწყდათ, რამდენი წელია მიმდინარეობს გამოძიება ვლადიკავკაზში პოლიციის განყოფილებაში უბრალო ოსი ბიჭის, ორი შვილის მამის, ვლადიმერ ცყაევის მკვლელობის საქმეზე? საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავთ? თქვენი არაადამიანური დანაშაულები გამოიძიეთ, ჩვენ კი თქვენი დახმარების გარეშე მივხედავთ ჩვენს საქმეებს. მანტრასავით რომ იმეორებთ დონბასში 8 წლის შესახებ. მინდა შეგახსენოთ 90-იან წლეი ჩეჩნეთში, როდესაც მან რუსეთის ფედერაციიდან გასვლა და დამოუკიდებლობის მიღება გადაწყვიტა.

ჩეჩნური კამპანიები, წლების განმავლობაში. ალბათ, ასევე “განმათავისუფლებელი” კამპანიის დროს, რუსეთი ინტენსიურად ბომბავდა ჩეჩნეთს, მასობრივ ეთნიკურ წმენდას ახორციელებდა, რამაც უდიდესი რაოდენობის ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია. ნუთუ, ვერ ხედავთ რუსეთის ხელისუფლების ორმაგ სტანდარტებს? ჩეჩნეთში ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი რუსეთისგან გაცალკევებაზე სასტიკად ჩაახშეს, უკრაინისგან გაცალკევებაზე დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის სურვილი კი არა მხოლოდ მისასალმებელია, არამედ აქტიურად მხარდაჭერილიცაა რუსეთის ფედერაციის მიერ. არ ვარ მართალი? ვპასუხობ თქვენს კითხვას. მთელი ეს რვა წელი უკრაინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა და პარალელურად ცდილობდა გადაწყვეტილება ეპოვა, დონბასში მშვიდობიანი გზებით დაერეგულირებინა სიტუაცია.

გამოფხილზდით, თქვენ კლავთ მშვიდობიანი ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას. გეუბნებიან, რომ ეს არის სპეცოპერაცია და ფაშიზმთან წმინდა და სამამულო ომს ადარებენ. მაშინ მითხარით, რომელ დანაყოფებში მსახურობენ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის, მიშუსტნის შვილები, პუტინის მეგობრის, როტენბერგის შვილები, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, მედვედევის, დეპუტატ მიზულინას და სხვა ჩინოვნიკების შვილები? ისინი ისე ომობენ ახლა, როგორც ჩვენი სამამულო ომის დროს ხრუშჩოვისა და მიქოიანის შვილები? თუ ეს ომი არც ისე წმინდაა და საკუთარი შვილები ეცოდებათ? თქვენ კი იომეთ და შობეთ კიდევ. უცნაური არაა თქვენთვის, რომ 145- მილიონიანი რუსეთი თავს იცავს 35- მილიონიანი უკრაინისგან მისსავე ტერიტორიაზე? თუ სკობეევა, სოლოვიოვი და სხვა პროპაგანდისტები საერთოდ გიხშობენ ლოგიკას? რისთვის დაიწყეთ ეს სისხლისმღვრელი ომი? სად შემოიჭერით, წყეულო განმათავისუფლებლებო? სხვა სახელწმიფოში, საკუთარი წესებითა და პრეზიდენტით, რომელიც აირჩია და მხარს უჭერს მთელი უკრაინელი ერი? მოგვეცით საშუალება მშვიდად ცხოვრების და განვითარების. დიდი თხოვნაა “განმათავისუფლებლებლების” მიმართ – შეგვეშვით”, – აცხადებდა თედეევი მიმართვაში.

2007 წლამდე თედეევი ვლადიკავკაზში გამომძიებლად მუშაობდა. 2008 წელს – ყირიმში პროკურორის თანაშემწედ. ყირიმის ანექსიის შემდეგ კი კიევში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ასევე პროკურატურაში აგრძელებდა მუშაობას.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თედეევი ამბობს, რომ მუქარების გარდა, იყო მადლობის წერილებიც ოსებისგან, რომლებიც რეალური ინფორმაციის მოყოლისთვის ემადლიერებოდნენ.

“დღეს ბევრი ოსი მიგზავნის ახლობლის, შვილების, ქმრების ფოტოებს და მთხოვენ დავეხმარო ცხედრების გადმოსვენებაში. ვცდილობ დავეხმარო მათ და კონტაქტები მივაწოდო. იმედი მაქვს, რომ ოდესმე მსოფლიოს ყველაზე დიდი ბოროტება – პუტინი – მოკვდება და მე იქ დაბრუნებას შევძლებ. ძალიან მიყვარს ოსეთი და ძალიან მენატრება”, – ამბობს თედეევი.


24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი