ახალი ამბები

კოალიცია: ნაციზმზე გამარჯვების განცალკევებით, რუსეთთან ერთად აღნიშვნა დაუშვებელია

8 მაისი, 2022 • 1203
კოალიცია: ნაციზმზე გამარჯვების განცალკევებით, რუსეთთან ერთად აღნიშვნა დაუშვებელია

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის, რომელიც 10 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობას წარმოადგენს, მეორე მსოფლიო იმის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ნაციზმზე გამარჯვების ახლა, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, 9 მაისის რუსეთთან ერთად აღნიშვნა, დასავლეთისაგან განცალკევებით, სრულიად მიუღებელია.

განცხადების ავტორების თქმით, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 77-ე წლისთავზე, ევროპაში, კერძოდ კი უკრაინაში კვლავ ომია და ამ ომში აგრესორი თანამედროვე რუსეთია, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში გერმანული ნაციზმის მოკავშირის – საბჭოთა რუსეთის მემკვიდრე.

ხელმომწერების თქმით, ათწლეულების მანძილზე, ნაცისტურ რეჟიმთან ალიანსის დამალვის, მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა გამარჯვებისაგან
განცალკევებისა და მისი ცალმხრივად მისაკუთრებისათვის, საბჭოთა რეჟიმი გამარჯვების დღედ 9 მაისს ამკვიდრებდა:

„ამასთანავე, მსოფლიო ომს „სამამულო ომის“ ცნებას უპირისპირებდა და მას 1941- 1945 წლებში ნაცისტურ (საბჭოური ტერმინოლოგიით – ფაშისტურ) გერმანიასა და სსრკ-ს შორის ომად წარმოადგენდა. 1960-იანი წლებიდან, „უძრაობის ხანაში“, როდესაც ომის კატასტროფული შედეგების (საბჭოთა კავშირის მეომართა და მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგები ყველა დანარჩენი მხარის დანაკარგების ჯამს აღემატებოდა) ტრავმა შედარებით შესუსტდა, საბჭოთა იდეოლოგიურმა მანქანამ „ომში გამარჯვება“ ახალი თაობებისათვის შესათავაზებელ მთავარ მითად გადააქცია.

კინოინდუსტრია, ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, და პროპაგანდის სხვა პირდაპირი არხები, ხალხს უმყარებდა წარმოდგენას, რომ საბჭოთა კავშირმა მარტომ შეძლო კოლექტიური „ბოროტი დასავლეთის“ დამარცხება ფაშისტური გერმანიის სახით და რომ ამგვარი საფრთხის წინაშე „სამშობლო“ კვლავ დადგებოდა“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ავტორების თქმით, პუტინის რუსეთი კარგად იყენებდა და დღემდე იყენებს „სამამულო ომის“ მითოლოგიას და მას რუსული რბილი ძალისა და დეზინფორმაციის კამპანიის ინსტრუმენტად აქცევს. ხელმომწერების თქმით, ის კვლავინდებურად ცდილობს გააღვივოს საბჭოთა ხალხების ერთიანობის სენტიმენტი, ექსკლუზიურად საბჭოეთს და რუსეთს მიაწეროს ნაციზმზე გამარჯვება:

„ასევე, თანამედროვე რუსეთი ცდილობს სრულიად გამორიცხოს ომის გაჩაღებაში საბჭოთა კავშირის თანამონაწილეობის და მისი ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების მასშტაბები ომის დროს და ომის შემდეგ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. დღეს, საბჭოთა კავშირის აღდგენაზე უკვე ღიად ორიენტირებული პუტინის რუსეთი, აგრესიული რიტორიკით, შიდა და საერთაშორისო პროპაგანდით, დეზინფორმაციის კამპანიითა და სამხედრო დანაშაულებით, აჩვენებს მის კავშირს საბჭოურ ტოტალიტარიზმთან და თვით მტრის ხატთან – ნაცისტურ გერმანიასთან; პუტინის რუსეთი, ტრადიციულად – 9 მაისს ნაციზმზე გამარჯვების დღის საჯაროდ და პომპეზურად აღნიშვნას გეგმავს“ – აცხადებენ კოალიციაში შემავალი ორგანიზაცები.

დოკუმენტის აცვტორების თქმით, საქართველო, საბჭოური ინერციით, ნაციზმზე გამარჯვების დღეს, ყოფილი მეტროპოლიის ნების შესაბამისად, დღემდე 9 მაისს აღნიშნავს. ახლა, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, 9 მაისის რუსეთთან ერთად აღნიშვნა, დასავლეთისაგან განცალკევებით, სრულიად მიუღებელია.

განცხადების ავტორების თქმით, დადგა მკაფიო არჩევანის დაფიქსირების მომენტი – ვდგებით დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, რომელთა გაერთიანებამაც დაამარცხა ნაციზმი, თუ ვრჩებით ორივე ბოროტების – ნაციზმისა და საბჭოური რუსული ტოტალიტარიზმის მემკვიდრე, პუტინის რუსეთის სამყაროში.


მასალა მომზადებულია პროექტის – “საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zink Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი