ახალი ამბები

როგორ იცვალა სახე „ოცნების“ პროპაგანდამ – კვლევა

25 ოქტომბერი, 2024 •
როგორ იცვალა სახე „ოცნების“ პროპაგანდამ – კვლევა

2023 და 2024 წლებში, როცა მმართველმა პარტიამ „აგენტების შესახებ“ რუსული კანონი პარლამენტში შეიტანა, სახელისუფლებო პროპაგანდა შეიცვალა და უკვე აღარ ერიდებოდა ანტიდასავლურ გზავნილებს – ასეთ დასკვნამდე „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ ანალიტიკოსები მივიდნენ.

დოკუმენტში „ახალგაზრდების საწინააღმდეგო პროპაგანდა 2023-24 – შედარებითი კვლევა“ ავტორები განიხილავენ პროპაგანდის გზავნილების ცვლილებას და მათ განმაპირობებელ მიზეზებს.

რა ცვლილებებზეა საუბარი?

მთავარი, რასაც ანალიტიკოსები გამოყოფენ, ისაა, რომ 2024 წელს ხელისუფლება ანტიდასავლურ გზავნილებს აღარ თაკილობდა.

  • „2023 წელს მმართველ პარტიას დასავლური ორიენტაციის შენარჩუნება, ან/და საზოგადოებაში პროდასავლურ ძალად პოზიციონირება სურდა, რის გამოც ანტიდასავლური რიტორიკა შედარებით სუსტი იყო. სახელისუფლებო წყაროები ერიდებოდნენ ღია ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებას და მეტად ირიბი, შედარებით ნაკლები სიმწვავის რიტორიკით შემოიფარგლებოდნენ. 2024 წელს ანტიდასავლურ გზავნილებზე მსგავსი შეზღუდვა მოიხსნა და ბევრად გამოკვეთილი გახდა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

გარდა ამისა, კვლევიდან ვიგებთ, რომ ხელისუფლებამ ორმაგ სტრატეგიასაც მიმართა, კერძოდ კი, ახალგაზრდების – საგაზაფხულო აქციების ორივე სერიის მთავარი მუხტის – „მოთაფლვასა“ და „დასჯას“:

  • „ამუშავდა ე.წ. პოზიტიური ჩართულობის ახალი ტაქტიკა, რომლითაც მთავრობამ განათლების მიმართულებით ახალი ინიციატივები წამოიწყო. [..] ეს ყოველივე ახალგაზრდების მოზიდვისა და პროტესტისგან მათი ჩამოცილების გეგმას ემსახურებოდა“.

პოზიტივთან ერთად, ვკითხულობთ კვლევაში, არც პროპაგანდის ნეგატიურ ნაწილზე ითქვა უარი – ახალგაზრდები „კარგ“, „ცუდ“ და „შეცდომაში შეყვანილ ან მოტყუებულ“ ჯგუფებად დაყვეს. პირველ ჯგუფს ხელისუფლება „გარკვეულ ბენეფიტებს სთავაზობდა“, მეორეს – დასჯას, მესამე ჯგუფი კი მიჩნეული იყო როგორც „მოსათაფლად“, ასევე „დასასჯელად“.

რითი აიხსნება ცვლილებები?

მკვლევრები მომხდარის რამდენიმე სავარაუდო და ზოგად მიზეზს ასახელებენ:

  • გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლა, რომელმაც ნაწილობრივ განაპირობა მმართველი პარტიის ღიად ანტიდასავლური განწყობების ზრდა და საკუთარი თავის „ტრადიციების და სუვერენიტეტის“ მცველის წარმოჩენის სურვილი;
  • ადაპტაცია – წარუმატებელი 2023 წლიდან „გაკვეთილის სწავლა“.

კანონი მიიღეს – გამოდის, პროპაგანდა დაჭკვიანდა?

კვლევის ავტორი, ანალიტიკოსი კობა ლაჩაშვილი აღნიშნავს, რომ „კანონის მიღება აპრიორი არ ნიშნავს, რომ 2024 წელს პროპაგანდა უფრო ეფექტიანი და წარმატებულია“, თუმცა იქვე ამატებს – „შესაძლებელია ლოგიკური დაშვება, რომ პროპაგანდა უფრო ეფექტიანი იყო 2024 წელს, რადგან საბოლოოდ კანონის მიღება მაინც მოხერხდა“.

მისივე შეფასებით, „პროპაგანდა 2024 წელს 2023 წელთან შედარებით მეტად მწვავე და დახვეწილი გახდა“. მაგალითად, გვეუბნება ლაჩაშვილი, „2024 წელს უფრო აქტიურად ხდებოდა საპროტესტო აქციების ძალადობრივად წარმოჩენა და ამის გარედან ორგანიზებული რევოლუციის მცდელობის ნაწილად გასაღება, რაც საზოგადოების ნაწილის თვალში აქციების დისკრედიტაციისთვის ეფექტიანი შეიძლება ყოფილიყო“.


სტატია მომზადებულია “ნეტგაზეთისა” და “კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის” თანამშრომლობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი