ახალი ამბები

როგორ ამართლებდა „ოცნება“ ხალხზე ძალადობას – კვლევა

25 ოქტომბერი, 2024 •
როგორ ამართლებდა „ოცნება“ ხალხზე ძალადობას – კვლევა

„ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ყოველთვის აქტიურად საუბრობდა პოლიციისა და ძალოვანი უწყებების სისასტიკეზე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, უკვე საკუთარი ხელისუფლების პირობებში ძალოვნების ძალადობას აქტიურად ამართლებს.

ამ დასკვნამდე „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ ანალიტიკოსები მივიდნენ თავიანთ ახალ კვლევაში – „ახალგაზრდების საწინააღმდეგო პროპაგანდა 2023-24 – შედარებითი კვლევა“.

„სხვებიც აკეთებენ ამას“

ანალიტიკოსების დასკვნით, „ოცნებისა“ და მისი შემოტანილი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებას სახელისუფლებო პროპაგანდა 2023-ში ნაცადი ხერხით ამართლებდა:

  • „თითქოს “სხვებიც აკეთებენ ამას”, ამიტომაც მათი ქმედებებიც გამართლებული და ლეგიტიმურია“.

„სხვებში“ მოიაზრებოდნენ უცხო სახელმწიფოები, ხდებოდა იქ მიმდინარე მოვლენებთან „მანიპულაციური პარალელების გავლება“, მიიჩნევენ მკვლევრები და აღნიშნავენ:

  • „პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ სხვა ქვეყნებშიც იმავე, ან ბევრად უფრო მკაცრი მეთოდებით ხდებოდა აქციების დაშლა და საქართველოს შემთხვევაში პოლიცია საკმაოდ ლმობიერად მოქმედებდა. მათი ქმედებები კი დასავლური სტანდარტის შესაბამისი იყო“.

ასეთ, სხვისკენ თითის გაშვერის სტრატეგიას პროპაგანდისტულ ტექნიკას უწოდებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კობა ლაჩაშვილი.

„სხვა ქვეყნების მაგალითების და გამოცდილების გაცნობისას მთავარი პრინციპია, რომ გაიზიარო ის, რაც კარგია, ხოლო რაც ცუდია, პირიქით – გამოასწორო. ხოლო სახელისუფლებო პროპაგანდა, ერთი მხრივ, წარმოაჩენდა, რომ სხვა ქვეყნებში აქციების დაშლისას სამართალდამცავი უწყებები „ცუდ“ მეთოდებს იყენებდნენ, ხოლო, მეორე მხრივ, ცდილობდნენ, რომ ამით გაემართლებინათ საქართველოში მომხდარი მსგავსი ან სხვა ტიპის ძალადობის და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები“, – ამბობს იგი.


სტატია მომზადებულია “ნეტგაზეთისა” და “კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის” თანამშრომლობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი