ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩვენზე დემოკრატიულად არჩევნებს არავინ ატარებს” – ბიბილოვი დე ფაქტო არჩევნების მეორე ტურზე

8 მაისი, 2022 • 1904
“ჩვენზე დემოკრატიულად არჩევნებს არავინ ატარებს” – ბიბილოვი დე ფაქტო არჩევნების მეორე ტურზე

დღეს, 8 მაისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის კონკურენტი ოპოზიციონერი კანდიდატი ალან გაგლოევია.

ინციდენტების თავიდან არიდების მიზნით, როგორც ადგილობრივი გამოცემა რეს-ი წერს, ყველა საარჩევნო უბანს პოლიცია იცავს.

საარჩევნო უბანი გახსნილია ასევე ახალგორის [2008 წლის ომის შემდეგ ცხინვალის კონტროლქვეშ გადავიდა] რაიონში, სადაც ოსური პასპორტების მფლობელებს ხმის მიცემის საშუალება აქვთ.

ოფიციალური ცნობით, სულ დაბეჭდილია 40  ათასი ბიულეტენი და დარეგისტრირებულია 32 ათასი ამომრჩეველი. არჩევნების შედეგების აღიარებისთვის ამომრჩეველთა 30%-მა უნდა მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. ადგილობრივი მედიის ცნობით, საარჩევნო უბნებზე აქტივობა დილიდანვე მაღალია.

გამოცემა რეს-ის ცნობითვე, არჩევნებს დააკვირდება 25 წარმომადგენელი რუსეთიდან, აფხაზეთიდან და დონეცსკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან  [რომელიც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა].

“დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. უფრო დემოკრატიულად, ვიდრე სამხრეთ ოსეთში, არჩევნები არსად ტარდება”, – განუცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთიდან არჩევნებზე ჩამოსულ  დელეგაციას  გუშინდელი, 7 მაისის შეხვედრის  დროს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების [რომელსაც საქართველო და საერთაშორისო საზოგაოება არ აღიარებს ლეგიტიმურად] მეორე ტურში გამარჯვებული, შესაძლოა, გახდეს ოპოზიციური პარტია “ნიხასის” ლიდერი ალან გაგლოევი, რომელმაც 10 აპრილის არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვზე მეტი ხმა დააგროვა [გაგლოევი 36,9% – 10 705 ხმა, ბიბილოვი 33.5% – 9 706 ხმა].

როგორ კარგავს ლეგიტიმაციას ბიბილოვი ცხინვალში

მასალების გადაბეჭდვის წესი