ახალი ამბები

„აზოვსტალიდან“ დამატებით 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს

6 მაისი, 2022 • 2208
„აზოვსტალიდან“ დამატებით 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს

6 მაისის საღამოს მონაცემებით, ბლოკადაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ 50-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. ევაკუირებულთა შორის არიან ბავშვებიც. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებენ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები.

როგორც BBC იტყობინება, უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის შეფასებით, ევაკუაციის პროცესი „ძალიან ნელია“, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რომელსაც „აზოვსტალი“ ბლოკადაში აქვს მოქცეული.

ვერეშუკის ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია გაგრძელდება შაბათს, 7 მაისსაც.

უკრაინის აღმოსავლეთით, ქალაქ მარიუპოლში არსებულ მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალში“ ომის დაწყების დღიდან არის დაბანაკებული ასეულობით სამხედრო. სხვადასხვა მონაცემით, მათი რიცხვი 2 ათასს აღწევს. სამხედროების გარდა „აზოვსტალს“ თავს აფარებენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ბოლო დღეებში გაეროსა და „წითელი ჯვრის“ შუამავლობით რუსეთის არმიის ბლოკადაში მყოფი „აზოვსტალიდან“ ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს, თუმცა, არა ყველა.

რუსეთი „აზოვსტალში“ დაბანაკებულ სამხედროებს უპირობო დანებებას სთავაზობს, რასაც მეომრები არ ეთანხმებიან და სანაცვლოდ მესამე ქვეყნის, მაგალითად, თურქეთის შუამავლობით ითხოვენ ტერიტორიიდან გაყვანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი