ახალი ამბები

რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს — ზელენსკის გაფრთხილება

6 მაისი, 2022 • 4223
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს — ზელენსკის გაფრთხილება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Chatham House-სთან ინტერვიუში ის გარემოება დაასახელა, თუ რა შემთხვევაში დაკარგავს აზრს რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკება.

„თუ რუსეთი დახოცავს იმ მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედროებს, რომელთა გათავისუფლება შეიძლებოდა, ჩვენ ვერ შევძლებთ მათთან გავაგრძელოთ დიპლომატიური მოლაპარაკებები“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე თქვა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ნიშნები ომის დასრულებისა, რომელიც რუსეთმა უკრაინაში 24 თებერვალს წამოიწყო და რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 200-ზე მეტი ბავშვი.

უკრაინის აღმოსავლეთით, ქალაქ მარიუპოლში არსებულ მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალში“ ომის დაწყების დღიდან არის დაბანაკებული ასეულობით სამხედრო. სხვადასხვა მონაცემით, მათი რიცხვი 2 ათასს აღწევს. სამხედროების გარდა „აზოვსტალს“ თავს აფარებენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ბოლო დღეებში გაეროსა და „წითელი ჯვრის“ შუამავლობით რუსეთის არმიის ბლოკადაში მყოფი „აზოვსტალიდან“ ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს, თუმცა, არა ყველა.

რუსეთი „აზოვსტალში“ დაბანაკებულ სამხედროებს უპირობო დანებებას სთავაზობს, რასაც მეომრები არ ეთანხმებიან და სანაცვლოდ მესამე ქვეყნის, მაგალითად, თურქეთის შუამავლობით ითხოვენ ტერიტორიიდან გაყვანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი