ახალი ამბები

„ვაგნერი“ ევროპარლამენტარებს მორალური ზიანისთვის 10 მილიონ რუბლს სთხოვს

6 მაისი, 2022 • 919
„ვაგნერი“ ევროპარლამენტარებს მორალური ზიანისთვის 10 მილიონ რუბლს სთხოვს

ევროპარლამენტარებმა, ვიოლა ფონ კრამონმა და ანდრიუს კუბილიუსმა, მიიღეს წერილი რუსული საადვოკატო ფირმა „გადასახადები, ეკონომიკა, ბიზნესისგან“, სადაც რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ივანოვი ევროპარლამენტარებისგან მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას სანკტ-პეტერბურგის სასამართლოში ითხოვს.

ივანოვი ევროპარლამენტარებს 10 მილიონი რუსული რუბლის გადახდას სთხოვს, რადგან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, რუსულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერზე“ საუბრისას განაცხადეს, რომ ის სხვადასხვა ქვეყანაში მონაწილეობს მძიმე დანაშაულებში, მათ შორის, მკვლელობებსა და გაუპატიურებებში.

ივანოვი ევროპარლამენტარებისგან მორალური ზიანის ანაზღარების მიზნით 10 მილიონ რუსულ რუბლს ითხოვს, რაც დაახლოებით 147 000 ამერიკული დოლარია.

„რუსეთი ძალიან სასაცილოა. რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფი „ვაგნერი“, რომელსაც სათავეში პუტინის ოლიგარქი პრიგოჟინი უდგას, ძალიან გაბრაზებულია ჩემი გამოსვლით, რის გამოც გამოაგზავნეს მუქარის წერილი, სადაც 10 მილიონ რუბლსაც ითხოვენ.

კარგად გამაცინა. მოხარული ვარ, რომ ამ საქმეში ანდრიუს კუბილიუსთან ერთად ვარ“, – წერია გერმანელი პოლიტიკოსის ტვიტერით გავრცელებულ პოსტში.

ვაგნერის ჯგუფი ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში აღმოჩნდა.

ჯგუფი დაქირავებული მებრძოლებისგან შედგება და იბრძვის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სირია, ლიბია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და სხვა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სხვადასხვა ცნობების თანახმად, ვაგნერის მებრძოლები სხვა ქვეყნებიდან უკრაინაში საომრად წავიდნენ.

ვაგნერის მებრძოლებს ბრალად ედებათ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა, სიკვდილით დასჯისა და გაუპატიურების შემთხვევები და სხვა მძიმე დანაშაულები.

მასალების გადაბეჭდვის წესი