ახალი ამბები

ბასლეინებზე ტაქსების გაჩერების ადგილები მოეწყობა – ბითაძე

6 მაისი, 2022 • 946
ბასლეინებზე ტაქსების გაჩერების ადგილები მოეწყობა – ბითაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 6 მაისის სხდომაზე მხარი დაუჭირა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.

საკითხის მომხსენებელმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, რომ კანონის მიღების შემდეგ, ტაქსებს ექნებათ უფლება, ბასლეინებზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, მგზავრთა ჩასმა-აყვანის მიზნით გაჩერდნენ.

საამისოდ, მაია ბითაძის თანახმად, თბილისის მერია ბასლეინებზე სპეციალურ ადგილებს გამოყოფს.

როგორც მაია ბითაძემ, თბილისის მერის ყოფილმა მოადგილემ,  განაცხადა, თბილისში 2018 წლიდან დაიწყო ბასლეინების მოწყობა, რა დროსაც პარლამენტმა მიიღო სანქცია, რომლის თანახმადაც ბასლეინზე ავტომობილის გაჩერება ისჯება 100 ლარით.

„ბასლეინებმა, რაც ჯერჯერობით თბილისის გამზირების დაახლოებით 10-15%-ზეა მოწყობილი, პრობლემა შექმნა ტაქსების მიერ მგზავრთა აყვანა-ჩამოსმის დროს“, – განაცხადა ბითაძემ და თქვა, რომ კანონის ახალი რედაქცია ამ პრობლემას მოხსნის.

მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტით, თბილისის მუნიციპალიტეტს მიეცემა საშუალება, „ბასლეინების გაყოლებაზე განსაზღვროს ადგილები, სადაც ტაქსებს ექნებათ კანონიერად გაჩერების უფლება“.

„ეს საფრთხეს არ შეუქმნის არც საგზაო მოძრაობას და არც მგზავრებს“, – განაცხადა პარლამენტარმა.

მისი თქმით, „ჩვენ შორს ვარს იმ დროისგან, როცა ტაქსებს მიეცემათ ბასლეინებში თავისუფლად სიარულის უფლება, მაგრამ საბოლოოდ, სატრანსპორტო პოლიტიკის [დასრულების შემდეგ] ესეც იქნება შესაძლებელი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი