ახალი ამბები

ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყველა ადამიანთან საარჩევნო უბანი სახლში მივიტანოთ?! – ბითაძე ემიგრანტებზე

20 თებერვალი, 2024 • 569
ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყველა ადამიანთან საარჩევნო უბანი სახლში მივიტანოთ?! – ბითაძე ემიგრანტებზე

„რას გვთავაზობთ, რომ ყველა ადამიანთან, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობს, საარჩევნო უბანი სახლში მივიტანოთ?!“ – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი მაია ბითაძე ოპოზიციის წევრების განცხადებებს, რომლებიც ქართველი ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გამარტივებას ითხოვენ.

არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობაზე მაია ბითაძემ დღეს, 20 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„გაცვდა თქვენი ნარატივი მიგრანტებთან დაკავშირებით. თითქოს მიგრანტებს არ ეძლევათ საშუალება, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. თქვენ თვითონაც იცით, რომ მტკნარი სიცრუეა, რადგან ყოველთვის იხსნებოდა და კვლავაც გაიხსნება საარჩევნო უბნები იქ, სადაც იხსნებოდა. იცით, რომ ყოველწლიურად ფართოვდება ეს ფორმატი.

რას გვთავაზობთ, რომ ყველა ადამიანთან, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობს, საარჩევნო უბანი სახლში მივიტანოთ?! მაშინ, როცა რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც ქართული პასპორტები აქვთ, საერთოდ არანაირი წვდომა არ აქვთ საარჩევნო უბნებთან. რას გვთავაზობთ, თუ რა გგონიათ?!“ — განაცხადა მაია ბითაძემ.


Როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსენება.

ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობისგან შორს ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.

Რამდენიმე თვეა, ქართველი ემიგრანტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ და საგარეო საქმეთა სამინისტროში აგზავნიან, უწყება კი მათ მიმართვებს არ პასუხობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი