ახალი ამბები

სალმონელას საფრთხის გამო დალუქულია 472 კგ “ქინდერის” შოკოლადი, თუმცა ნაწილი უკვე გაიყიდა

6 მაისი, 2022 • 2085
სალმონელას საფრთხის გამო დალუქულია 472 კგ “ქინდერის” შოკოლადი, თუმცა ნაწილი უკვე გაიყიდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სალმონელას საფრთხის გამო, საქართველოში იმპორტირებული “ქინდერის” 472 კილოგრამი საეჭვო პარტია დალუქა. თუმცა საშიში პროდუქციის ნაწილი ბაზარზე მაინც მოხვდა. დღეს, 6 მაისს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  მოსახლეობას მოუწოდა, არ შეიძინონ და თუ უკვე შეიძინეს, არ გამოიყენონ „ქინდერის“ კონკრეტული პარტიის ნაწარმი.

სააგენტოს ცნობით, ევროპის კომისიის, RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით 28 აპრილს მიიღეს შეტყობინება, რომლის თანახმადაც ბელგიაში Ferrero-ს მიერ წარმოებულ სხვადასხვა შოკოლადში სალმონელას სავარაუდო შემთხვევები იყო გამოვლენილი. ამის შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა არაგეგმურად შეამოწმეს შეტყობინებაში დასახელებული იმპორტიორი კომპანიის, შპს “ბიდი კომპანის” სადისტრიბუციო-სასაწყობო ობიექტი და სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა 472 კილოგრამი შემდეგი დასახელების სურსათი:

  • KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა: SCHOKOBONS KINDER SCHOKOBONS G125X16
    HANGING BAG BASE.
  • პარტიის № L017L03/01 ვარგისიანობის ვადა: 14.09.2022, რაოდენობა: 435კგ.
  • პარტიის № L038L03/01, ვარგისიანობის ვადა: 05.10.2022, რაოდენობა: 218კგ.
  • პარტიის № L245R03/01, ვარგისიანობის ვადა: 30.04.2022, რაოდენობა: 218კგ.
  • პარტიის № L266R03/01, ვარგისიანობის ვადა: 21.05.2022, რაოდენობა: 653კგ.
  • პარტიის № L294R03/01, ვარგისიანობის ვადა: 18.06.2022, რაოდენობა: 435კგ.
  • პარტიის № L299R03/01, ვარგისიანობის ვადა: 23.06.2022, რაოდენობა: 218კგ.
  • პარტიის № L326R03/01, ვარგისიანობის ვადა: 20.07.2022, რაოდენობა: 218კგ.
  • პარტიის № L342R03/03, ვარგისიანობის ვადა: 05.08.2022, რაოდენობა: 204 კგ.
  • პარტიის № L349R03/05, ვარგისიანობის ვადა: 12.08.2022, რაოდენობა: 14კგ

სურსათის ეროვნული სააგენტო ასევე აცხადებს, რომ გრძელდება იმპორტიორი კომპანიის მიერ ბაზარზე განთავსებული კონკრეტული პარტიების მოკვლევა-აღრიცხვა, ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება.

თუმცა, სააგენტოსვე განცხადებით, უკვე სრულად გაყიდულია ერთი პარტიის შოკოლადი, რომელზეც შეტყობინება მიიღეს ევროპიდან.

„28 აპრილს RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებულ შეტყობინებაში მითითებული შოკოლადის პროდუქტის ერთ შემთხვევაში ვარგისიანობის ვადად განსაზღვრულია 25.07.2022. ინსპექტირებისას დადგინდა, რომ აღნიშნული პარტია KINDER SORPRESA MAXI, აღწერილობა: KINDER SORPRESA MAXI KINDER SORPRESA MAXI K2, 5X12 PIECE CHRISTMAS, პარტიის № L301R03/09, ვარგისიანობის ვადა: 25.07.2022, სრულად არის რეალიზებული”, – განმარტებულია სააგენტოს განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ არ გამოიყენონ ზემოთ ჩამოთვლილი პარტიებიდან შეძენილი პროდუქცია.

დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით, 10 წლამდე ბავშვებში, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს Ferrero-ს მიერ წარმოებულ სხვადასხვა დასახელების “ქინდერის” შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი