ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი უკმაყოფილოა იმით, რომ ოს მოხალისეებს უკრაინაში სათანადოდ არ აფასებენ

5 მაისი, 2022 • 4659
ცხინვალი უკმაყოფილოა იმით, რომ ოს მოხალისეებს უკრაინაში სათანადოდ არ აფასებენ

სამხრეთ ოსეთის  დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი ვლადიმერ ფუხაევი, რომელიც ოფიციალური ცნობით, დონეცკში “სამუშაო ვიზიტით” იმყოფება, რუსულ სახელმწიფო გამოცემა tass-თან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლ ოს მოხალისეებს სტატუსი უნდა მიენიჭოთ.

ფუხაევის განცხადებით, ოსი მოხალისეების დანაყოფი უშუალო კავშირზე უნდა იყოს სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული მეოთხე რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობასთან, სადაც ოსი მოხალისეები მსახურობენ, რათა საჭიროების შემთხვევაში, მათი ძალაც იყოს გამოყენებული.

“დონბასში ძალიან ბევრი მოხალისეა სამხრეთ ოსეთიდან. მათთან შეხვედრისას ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი უზარმაზარ პრობლემას აწყდებიან, როდესაც მათ ბანდფორმირებად აღიქვამენ და ფრონტის წინა ხაზზე მათი ჩართვა არ ხდება. ეს არის მოხალისეების დანაყოფი, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსებისგან შედგება და მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ბრძოლის ველზე დაეხმარონ თანამემამულეებს”.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის [რუსეთის მიერ აღიარებული] და რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს შესაბამის გადაწყვეტილებებს მიაღწიოს.

რუსეთის ფედერაციას სამხრეთ ოსეთში განთავსებული აქვს მე-4 სამხედრო ბაზა, სადაც ადგილობრივები კონტრაქტით მსახურობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ამ ბაზიდან ორ ნაკადად გაგზავნეს ჯარისკაცები. ამასთან, 24 თებერვლის შემდეგ ომში ჩასართავად რუსეთმა გაიყვანა სამხედრო ტექნიკის ნაწილი როგორც აფხაზეთის ტერიტორიიდან, ასევე, ცხინვალიდან. ოსური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, უკრაინაში უკვე რამდენიმე ოსი მოხალისე დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი