ახალი ამბები

ვერ ვხედავ აზრს ჩვენი შეხვედრის – ხუნდაძის პასუხი სააკაშვილს

5 მაისი, 2022 • 764
ვერ ვხედავ აზრს ჩვენი შეხვედრის – ხუნდაძის პასუხი სააკაშვილს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილის თხოვნას წერილით პასუხობს და განმარტავს, რატომ „არა აქვს აზრი“ მასთან შეხვედრას.

გუშინ, 5 მაისს, მიხეილ სააკაშვილმა დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის ყველა სხვა ექიმ წევრს ნებისმიერი პარტიიდან, „ვისაც ჰიპოკრტეს ფიცი აქვს დადებული“, თხოვნით მიმართა, რომ მოინახულონ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და შესაბამისი დასკვნა გააკეთონ.

ხუნდაძის თქმით, იმ შეხვედრის აზრს, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა ექნება და არა რეალური შედეგი, ვერ ხედავს. ამასთან, ხუნდაძე აღნიშნავს, რომ თავად არაა იმ დარგის სპეციალისტი, რომელიც ამჟამად სააკაშვილს სჭირდება.

„ბატონო მიხეილ, ის, რომ ჩემი ძირითადი პროფესია ექიმობაა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით, ყოველგვარი მოპატიჟების გარეშე, პატიმრობის საწყისს ეტაპზე, როდესაც შიმშილობდით, დავით სერგეენკოსთან ერთად მოვედით ციხეში თქვენი ჯანმრთელობის მოსაკითხად. რის შემდეგაც გუნდთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება თქვენი კლინიკაში გადაყვანის. სამწუხაროდ, მაშინაც და დღესაც ჯანმრთელობის გაუარესება მოხდა მხოლოდ თქვენი სურვილით და არა ხელისუფლების უდიერი მოპყრობით.

ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველგვარი პიარის გარეშე, გუშინ დავით სერგეენკოსთან ერთად მოვიკითხეთ, თუ როგორ მიმდინარეობს თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. გავარკვიეთ, რომ გიკეთდებათ ყველაფერი და გაქვთ ხელმისაწვდომობა ყველანაირ საჭირო სერვისზე. მიიღებთ თუ არა ამას, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ის, რომ თქვენი ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამის სურვილი ნამდვილად მაქვს როგორც ექიმს და როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამის სურვილი, პოლიტიკური მიზნების გამო, არ გაქვთ თქვენ“, – აცხადებს ხუნდაძე.

ხუნდაძე სააკაშვილს ურჩევს, დაუჯეროს მკურნალ ექიმებს და შეასრულოს მათი რეკომენდაციები და რჩევები.

„რაც შეეხება ციხიდან გათავისუფლებას დადგენილების საფუძველზე, მე არ გისურვებდით, რომ იმ დიაგნოზით და იმ კრიტერიუმებით გათავისუფლებულიყავით ციხიდან, რაც იქ არის ჩამოთვლილი, რადგან არ მსურს, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.

ისე, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი თქვენი თანაგუნდელი სცენარის ამგვარად განვითარების წინააღმდეგი არ იქნებოდა“, – აცხადებს ხუნდაძე.

ხუნდაძის თქმით, სააკაშვილის მიმართვიდან რწმუნდება, რომ პატიმრობის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ცვლის და ეს იქიდანაც ჩანს, რომ მასთან შეხვედრიდან გამოსულებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

„გვიწვევთ, როგორც ექიმებს, და განცხადებებს გვთხოვთ, როგორც პოლიტიკოსებს. მეც, როგორც ექიმი, გირჩევთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და როგორც პოლიტიკოსი, მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობა აიღოთ თქვენს პოლიტიკურ მოღვაწეობაზე“, – ნათქვამია დიმიტრი ხუნდაძის მიმართვაში“.


სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საქართველოს მთავრობას მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაეყვანას სთხოვს.

ოჯახი სთავაზობს ხელისუფლებას, თუ ქართველ ექიმებს არ ენდობა, სასწრაფოდ ჩამოიყვანოს საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროების შესაფასებლად.

სააკაშვილი სერგეენკოს და ხუნდაძეს მის მონახულებას სთხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი