ახალი ამბები

“სიცოცხლისთვის” – პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

4 მაისი, 2022 •
“სიცოცხლისთვის” – პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია “სიცოცხლისთვის” მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, რადგან ფიქრობენ, რომ საქართველოში მას შესაბამის მკურნალობას ვერ ჩაუტარებენ. ასევე, აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილისგან ითხოვენ სააკაშვილის შეწყალებას და ყველა იმ ბერკეტის გამოყენებას, რაც ქვეყნის პრეზიდენტს აქვს:

“ვინაიდან ქალბატონი სალომე კონსულტაციებს მართავს პოლარიზაციის შემცირების ინიციატივით, ჩვენს საინიციატივო ჯგუფს სურს, რომ მან მოისმინოს ჩვენი აზრი, პოლარიზაციას ამძაფრებს ძალადობა, პრეზიდენტის [სააკაშვილის] უკანონო ტყვეობა. ახლა ჩვენ გვაქვს სიცოცხლის გადარჩენის ვალდებულება. პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური ბერკეტები, რომ იმოქმედოს, გამოსცეს შეწყალების აქტი და ის ციხიდან გამოუშვას. ის პრეზიდენტია და უნდა მოუწოდოს მთავრობას, რომ იმოქმედონ და უზრუნველყონ ადამიანის სიცოცხლის დაცვა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ეკა წამალაშვილმა.

აქციაზე იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი. მისი თქმით, ახლა მისი, როგორც ოჯახის წევრის მთავარი მიზანი ძმის სიცოცხლის გადარჩენაა: “მიშა არის ძალიან ცუდად, ამას მეტყველებს სპეციალისტების დასკვნაც, ადვოკატები, ვინც ელაპარაკებიან ეს დღეები, ამაზე მეტყველებს მისი ვიზუალი, ასევე ის, რომ პროცესზე არ მოვიდა. შესაბამისად ახლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, არ მაინტერესებს არავის პოლიტიკური გემოვნება, მე, როგორც ჩემი ძმის ძმას. მე მაინტერესებს, რომ დაცული იყოს მისი სიცოცლის უფლება და ამის გარანტი ნორმალურ სახელმწიფოში ყოველთვის უნდა იყოს საკუთარი ქვეყანა. შესაბამისად ჩვენ ვთხოვთ ყველას – პრემიერს, მთავრობას, დიდი იმედი გვაქვს საპატრიარქოსი, გადავარჩინოთ ამ კაცის სიცოცხლე” – განაცხადა დავით სააკაშვილმა.

მისი თქმით, ოჯახი სააკაშვილის გათავისუფლებას ან გამართლებას არ ითხოვს, მათ სურთ, რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ბერკეტები იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს:

“ჩვენ არ ვითხოვთ მიშას გამართლებას ან გათავისუფლებას. არსებობს სხვადასხვა ფორმები, როცა ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მაგალითად სასჯელის გადავადება და სხვა ფორმები, რაც შეიძლება მოიფიქრონ კანონმდებლობით, მთავარია ჩემთვის გადარჩეს ამ ადამიანის სიცოცხლე”.

სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი