ახალი ამბები

ომბუდსმენის პასუხი იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე

4 მაისი, 2022 • 708
ომბუდსმენის პასუხი იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება იუსტიციის მინისტრის 2 მაისის განცხადებებს და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შესულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა აპარატის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას და მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას.

ბრეგაძის თქმით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრ გიორგი გრიგოლიას მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გავრცელებული ინფორმაცია სააკაშვილის სისხლში ალბუმინის რაოდენობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად განსხვავდება სისხლის ანალიზისგან და სახალხო დამცველის აპარატის მიმართ პენიტენციურის ერთ-ერთი კითხვა ამ საკითხსაც შეეხებოდა. ამასთან, იუსტიციის მინისტრი და პენიტენციური სამსახური აცხადებენ, რომ ექიმმა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვა და აინტერესებთ, ჰქონდათ თუ არა ამაზე მსჯავრდებულ სააკაშვილის ნებართვა.

„ჩვენთვის გასაკვირია დასმული შეკითხვები, ვინაიდან დასკვნაში წარმოდგენილი ჩივილები, ჩატარებული კვლევების მონაცემები, მათ შორის ალბუმინის დაბალი მაჩვენებელი და სხვა საყურადღებო საკითხები, რაზეც იუსტიციის მინისტრი საჯაროდ აქცენტირებს, დეტალურად იყო გავლილი ექსპერტების მიერ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ვიზიტის განხორციელების დღესვე. სახალხო დამცველის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა ეფუძნება პაციენტის პირად შემოწმებას, ასევე, თავად პენიტენციური დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სამედიცინო მასალების, ანალიზების პასუხების და ჩანაწერების შესწავლას“, — ნათქვამია სახალხო დამცველის პასუხში.

სახალხო დამცველი და სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი აცხადებენ, რომ ვინაიდან იუსტიციის მინისტრის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხები მოითხოვს კვალიფიციურ მსჯელობას და სპეციალურ სამედიცინო ცოდნას, მზად არიან სამუშაო ფორმატში შეხვდენენ იუსტიციის სამინისტროს/პენიტენციური სამსახურის კომპეტენტურ სამედიცინო წარმომადგენლებს, სახელმწიფო კონსილიუმს, ექიმ-სპეციალისტებს და აღნიშნულთან დაკავშირებით გამართონ ექსპერტული მსჯელობა. მათ შორის, გამოხატავენ მზადყოფნას, დისკუსია იყოს საზოგადოებისთვის საჯარო.

„იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შევახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი მზადაა ჩაერთოს ნებისმიერი სახის ექსპერტულ განხილვაში, სამინისტრომ დრო ხელოვნურად არ უნდა გააჭიანუროს. პაციენტის მდგომარეობა მიჩნეულია მნიშვნელოვნად გაუარესებულად და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა გადამწყვეტია. სამინისტროს აქვს სამწუხარო გამოცდილება, როდესაც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციები დროულად არ გაითვალისწინა, რამაც პაციენტის მდგომარეობა გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად სამინისტრო დროის ფაქტორს ადეკვატურად შეაფასებს და უზრუნველყოფს პაციენტს ხარისხიანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისით“, — ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ასევე ეხმაურება იუსტიციის მინისტრის ბრალდებებს, რომ ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა უკანონოდ გაასაჯაროვეს მიხეილ სააკაშვილს პერსონალური მონაცემები. ომბუდსმენის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს გაცემული აქვს თანხმობა სახალხო დამცველისა და მის მიერ უფლებამოსილი პირების მიერ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების თაობაზე.

სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კითხვები და პასუხების მიღებისა და გაანალიზების შემდეგ „იქნება საუბარი იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც შეიძლება საჭირო იყოს“.

სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს — კონსილიუმის დასკვნა

მასალების გადაბეჭდვის წესი