ახალი ამბებისამართალი

კითხვებზე პასუხების შემდეგ ვიმსჯელებთ გასატარებელ ღონისძიებებზე — ბრეგაძე სააკაშვილზე

2 მაისი, 2022 • 2244
კითხვებზე პასუხების შემდეგ ვიმსჯელებთ გასატარებელ ღონისძიებებზე — ბრეგაძე სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნასთან დაკავშირბეით არსებობს გარკვეული კითხვები და პასუხების მიღებისა და გაანალიზების შემდეგ „იქნება საუბარი იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც შეიძლება საჭირო იყოს“.

ბრეგაძის თქმით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრის, გიორგი გრიგოლიას მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გავრცელებული ინფორმაცია სააკაშვილის სისხლში ალბუმინის რაოდენობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად განსხვავდება სისხლის ანალიზისგან და სახალხო დამცველის აპარატის მიმართ პენიტენციურის ერთ-ერთი კითხვა ამ საკითხსაც შეეხებოდა. ამასთან, იუსტიციის მინისტრი და პენიტენციური სამსახური აცხადებენ, რომ ექიმმა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვა და აინტერესებთ, ჰქონდათ თუ არა ამაზე მსჯავრდებულ სააკაშვილის ნებართვა.

რატი ბრეგაძის თქმით, პენიტენციურ სამსახურს 28 აპრილს მიეწოდა სახალხო დამცველის ექპერტთა ჯგუფის დასკვნა და მასზე მყისიერი რეაგირება მოახდინა.

„30 აპრილს მიმართა პენიტენციურმა სახალხო დამცველს და აღვნიშნეთ, რომ პენიტენციურ სამსახურს აქვს გარკვეული კითხვები დასკვნასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველს მივმართეთ საკითხების დასაზუსტებლად. არგუმენტირებულ პასუხს როცა მიიღებს პენიტენციური, გაანალიზებს ამ პასუხებს და თუ საჭირო იქნება, ჩატარდეს დამატებითი გასაუბრება ექიმთა ჯგუფის წევრებთან, ამის შემდეგ იქნება საუბარი იმ ღონსიეძბებზე, რომელთა გატარებაც შეიძლება იყოს საჭირო“, — განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისი თქმით, პენიტენციური სამსახურის მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, თითქოს სააკაშვილს არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

„ეს არის მტკნარი სიცრუე. მას ყოველთვის მიეწოდებოდა ადეკვატური მკურნალობა. ახლახან გაყვანილი იყო კვლევებზე სამედიცინო მულტიპროფილურ დაწესებულებაში. ასევე საუბარი იყო, თითქოსდა პენიტენციურმა სააკაშვილი დატოვა საკვების გარეშე, რაც არის ტყუილი. იგი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერი სახის კვების პროდუქტი შეისყიდოს ციხის მაღაზიაში და რეგულარულად იღებს ამანათს. შესაბამისად, საუბარი, თითქოსდა იგი რჩება მშიერი, არის აბსოლუტურად ტყუილი. მას ამ პერიოდში ჰყავდა დაახლოებით 800-მდე ვიზიტორი, რაც იმის დადასტურებაა, რომ ჩვენ არავის ვემალებით და არავის ვუმალავთ მის მდგომარეობას. ასევე, მას აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნისა და სეირნობის უფლება, თუმცა ამ უფლებას საკუთარი გადაწყევტილებით არ იყენებს“, — განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს მიეწოდება ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც საჭიროებს, თუმცა მედიკამენტების გარკვეულ ჩამონათვალს შერჩევით არ იღებს.

ბრეგაძე ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლის დავალებას პენიტენციური სამსახურისადმი, რომ მსჯავრდებულს გაეწიოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება და თქვა, რომ მსგავსი ტიპის დავალება პენიტენციურს აქვს არა მხოლოდ სასამართლოსგან, არამედ კანონმდებლობით და თითოეულ მსჯავრდებულს ისედაც ეწევა ადეკვატური მკურნალობა.

სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული  სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს — კონსილიუმის დასკვნა

მასალების გადაბეჭდვის წესი