ახალი ამბები

მერია გაყიდის გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტირებულ შენობებს

4 მაისი, 2022 • 1453
მერია გაყიდის გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტირებულ შენობებს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია აუქციონზე გაიტანს და გაყიდის გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტირებულ შენობათა ნაწილს.

კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გუდიაშვილის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობები მთლიანად განახლდა. კალაძე დარწმუნებულია, რომ „როდესაც დაიტვირთება ეს შენობა-ნაგებობები, კიდევ ერთი მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება დედაქალაქში“.

თბილისის მერი განმარტავს, რომ ეს შენობები მუნიციპალური საკუთრებაა და ამ საკითხზე ბიზნესთან მოლაპარაკება თავის მოადგილეს დაავალა.

„რა თქმა უნდა, ბიზნესი უფრო უკეთესად მოუვლის და განახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტს, ვიდრე მუნიციპალიტეტი. ჩვენ შემოსული თანხებით სხვადასხვა, საინტერესო და ქალაქისთვის უფრო მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ.

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტირებული სივრცეები მზად არის იმისთვის, რომ გამოვიტანოთ აუქციონზე, გავყიდოთ. არაერთი შეხვედრა გაიმართა ბიზნესსექტორთან, არსებობს ინტერესი ამ სივრცეების მიმართ“, — აცხადებს კალაძე.

მერიის ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე ფართზე, რომლის  საწყისი ჯამური ღირებულება დაახლოებით 18 მილიონ ლარია. კერძოდ:

  • ბეგლარ ახოსპირელის I ჩიხი, N1/ ლადო გუდიაშვილის მოედანი N6. 4 ფართი, ჯამური ღირებულება 4 428 776 ლარი;
  • გუდიაშვილის მოედანი N2, ექვსი ფართი, ჯამური ღირებულება 3 265 865 ლარი;
  • ლერმონტოვის ქუჩა N2 – სამი ფართი, ჯამური ღირებულება – 4 008 383 ლარი;
  • აბესაძის ქუჩა N23, ექვსი ფართი, ჯამური ღირებულება – 6 242 916 ლარი.

კალაძის თქმითვე, მერია ამბობს, რომ გაყიდვასა და შემდგომ პროექტებს ზედამხედველობას გაუწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი