ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩი უკრაინული მედიის მხარდამჭერ კამპანიას უერთდება

3 მაისი, 2022 • 887
ევროკავშირის ელჩი უკრაინული მედიის მხარდამჭერ კამპანიას უერთდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი უერთდება კამპანიას – #უკრაინულიმედიისთვის და განმარტავს, რომ პრესის თავისუფლება ახლა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

#უკრაინულიმედიისთვის უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტების მხარდამჭერი კამპანიაა, რომელიც უკრაინულმა ორგანიზაციებმა ომის პირველი დღეებიდანვე წამოიწყეს და მასში მალევე ჩაერთვნენ დასავლეთის გავლენიანი მედიასაშუალებები და ფონდები. ამ კამპანიას „ბათუმელები” და “ნეტგაზეთიც“ შეუერთდა.

“დღეს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. ჩვენ მას ყოველ წელს აღვნიშნავთ, მაგრამ დღეს ის მნიშვნელოვანია, როგორც აქამდე არასდროს. უკრაინაში რუსეთის უსაბაბო ომის ფონზე, პრესის თავისუფლების დღის აღნიშვნის ხასიათზე არ ვართ. ჟურნალისტებს, რომლებიც მსოფლიოს გამოღვიძებისთვის იბრძვიან და მუშაობენ, დევნიან, ავიწროებენ და კლავენ.

ამ კონტექსტში, მსურს შევუერთდე „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ – „The Fix“-ის და კოალიციის ფანდრეიზინგის კამპანიის ქართულ პარტნიორებს, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის 13 წამყვანი ეროვნული მედიის მუშაობას 6 თვის განმავლობაში. ბანერზე არის QR-კოდი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუხატოთ უკრაინელ კოლეგებს”, – განაცხადა ჰარცელმა კამპანიაზე საუბრისას.

კამპანიის მიზანი ომში მომუშავე ჟურნალისტების დახმარებაა და მასში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია – მოქალაქეებს, ცალკეულ ჟურნალისტებს, მედიასაშუალებებს, ორგანიზაციებსა თუ ბიზნესკომპანიებს – ყველას, ვისაც თავისუფალი სიტყვისა და ინფორმაციის მნიშვნელობა ესმის და ესმის, თუ რამდენად სასიცოცხლოდ აუცილებელია ის ომის პირობებში.

უკრაინული მედიის მხარდასაჭერად თანხის გადარიცხვისთვის გადადით ვებგვერდზე – „ვეხმარებით უკრაინულ მედიას“. ნებისმიერი მსურველი მარტივად შეძლებს გადარიცხოს თანხა, რომელსაც პირდაპირ უკრაინული მედიის მხარდამჭერი კოალიცია მიიღებს. შემოწირულების გაკეთება შესაძლებელია როგორც ბრიტანული პლატფორმა GoFundMe-ს საშუალებით, ისე პირდაპირ საბანკო ანგარიშებზე.

ნახეთ ვრცლად: რატომ უნდა დავეხმაროთ ჟურნალისტებს უკრაინაში – #უკრაინულიმედიისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი