ახალი ამბები

წმ. გიორგის ბაფთა – ახალი ესკალაცია გაგაუზიაში

3 მაისი, 2022 • 1137
წმ. გიორგის ბაფთა – ახალი ესკალაცია გაგაუზიაში

მას შემდეგ, რაც მოლდოვაში წმინდა გიორგის ბაფთის, ე.წ. გიორგიევსკის ლენტის ტარება აიკრძალა, გაგაუზიის რეგიონში ამ ბაფთის ტარება და დამზადება დასაშვებად მიიჩნიეს.

რეგიონის გუბერნატორმა, ირინა ვლაჰმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მანამდე დაამტკიცა ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ და რეგიონში შესაძლებელს ხდის წმინდა გიორგის ბაფთისა და სხვა ატრიბუტიკის გამოყენებას, დამზადებასა და გამოფენას, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას ეძღვნება.

მიუხედავად ამისა, მოლდოვის პოლიციის თანახმად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებული კანონის აღსრულება გაგაუზიის ავტონომიურ ტერიტორიულ ერთეულში მოხდება.

მოლდოვაში ის პირები, რომლებიც აღნიშნულ ბაფთას გამოიყენებენ, 4 500-დან 9000-მდე ლეის ოდენობით დაჯარიმდებიან, რაც დაახლოებით 250-დან 500-მდე ამერიკული დოლარის ეკვივალენტია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოლდოვაში, სხვა მოკავშირე რესპუბლიკების მსგავსად, ეთნიკური კონფლიქტები დაიწყო.

დნესტრისპირეთის მსგავსად, გაგაუზიამაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

1994 წელს მოლდოვისა და გაგაუზიის დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, გაგაუზია მშვიდობიანი გზით, ფართო ავტონომიის პირობით დაბრუნდა მოლდოვის შემადგენლობაში და მასზე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი აღდგა.

გაგაუზიაში ეთნიკურად გაგაუზიელი მოსახლეობა ცხოვრობს, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.

გაგაუზიური ენა თურქული ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.

ბოლო ხანებში მოლდოვაში, დნესტრისპირეთის სახელით ცნობილ რეგიონში, ვითარება პერიოდულად იძაბება.

თვითგამოცხადებულ რეგიონში მოხდა სამი ტერაქტი, მათ შორის ააფეთქეს რუსეთის რადიოს ორი ანძაც.

კიშინიოვი რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობად აფასებს.

ფოტო გარეკანზე: გაგაუზი ქალი რუსული დროშით გუბერნატორ ირინა ვლაჰის ინაუგურაციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი