ახალი ამბები

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე – ბუნდესტაგი

2 მაისი, 2022 • 1206
გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე – ბუნდესტაგი

გერმანიის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბრობს, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე.

საელჩო განცხადებაში წერს, რომ 28 აპრილს ბუნდესტაგმა[პარლამენტმა]მიიღო რეზოლუცია „დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება“. ამ რეზოლუციაში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის მთავრობის დახმარებას უკრაინისათვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას.

„ამასთან დაკავშირებით ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვiსა და საქართველოს მხარდაჭერას „მათ ევროპულ გზაზე“. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს“, – წერია საელჩოს განცხადებაში.

ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს და ხელს უწყობს ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ა.შ. უფლება აქვს, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე.


დღეს, 2 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ უკვე შეავსო.

სექტორული ნაწილი, დარჩიაშვილის თქმით, დაახლოებით  2 300 კითხვისგან შედგება. მისი გაზიარების დადგენილი ვადა – 13 მაისია.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა.

უკრაინას უკვე – 8 აპრილს, საქართველოსა და მოლდოვას კი 11 აპრილს, გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლები გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.

მასალების გადაბეჭდვის წესი