ახალი ამბები

რამდენიმე ლიდერის განცხადება გვაშფოთებს, თუმცა იმედი გვაქვს – კობახიძე EU-ს კანდიდატობაზე

2 მაისი, 2022 • 518
რამდენიმე ლიდერის განცხადება გვაშფოთებს, თუმცა იმედი გვაქვს – კობახიძე EU-ს კანდიდატობაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად რამდენიმე ევროპელი ლიდერის არცთუ დადებითი განცხადებისა, მოელის, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

ამის შესახებ მან დღეს, 2 მაისს ევროკავშირისგან მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამივე ქვეყანასთან, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთან, მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სამწუხაროდ, ბოლო დროს იყო რამდენიმე არცთუ დადებითი განცხადება გაკეთებული ევროპელი ლიდერების მხრიდან ამ კუთხით. მით უმეტეს, კონსენსუსია საჭირო გადაწყვეტილების მიღებისთვის, ეს ცოტა გვაშფოთებს.

თუმცა, საბოლოოდ, იმის იმედი გვაქვს, რომ სამივე ქვეყანასთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და სამივე ქვეყანა, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამის პერსპექტივა არის ძალიან კარგი და, შესაბამისად, ჩვენ ამის იმედი უნდა დავიტოვოთ“, – განაცხადა კობახიძემ.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა.

საქართველოსა და მოლდოვას 11 აპრილს გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი.

ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლები გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.

მასალების გადაბეჭდვის წესი