ახალი ამბები

“გაუგებარია, მოვითხოვთ განმარტებებს” – ხუციშვილი უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

2 მაისი, 2022 •
“გაუგებარია, მოვითხოვთ განმარტებებს” – ხუციშვილი უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ბრალდებებთან დაკავშირებით საქართველო განმარტებებს მოითხოვს. ამის შესახებ მან დღეს, 2 მაისს, განაცხადა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველოსთან, რათა სანქცირებული რუსული პროდუქცია დასავლურ ბაზარზე რეექსპორტის გზით გავიდეს.

ლაშა ხუციშვილის თქმით, სანქცირებულ პროდუქტებთან დაკავშირებით საქართველოს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე პარტნიორებს კითხვები არ აქვთ და ამიტომ უკრაინული მხარის განცხადება გაუგებარია.

მისი თქმით, საქართველო პარტნიორებთან ინფორმაციას ცვლის და ეს უზრუნველყოფს იმას, რომ შეცდომა არ იყოს დაშვებული.

მინისტრის განმარტებით, არსებობს 2 სცენარი, თუ როგორ შეიძლება გადიოდეს რუსული პროდუქცია სხვა ქვეყნებში საქართველოს გავლით. ერთი, როდესაც რუსეთიდან პროდუქცია გადის იმ ქვეყანაში, რომელიც სანქციებს არ შეერთებია და ასეთ შემთხვევაში საქართველო მხოლოდ ტრანზიტული ქვეყანა შეიძლება იყოს, ხოლო მეორე, როდესაც სანქციების გვერდის ავლით რეექსპორტის გზით პროდუქცია გადის ისეთ ქვეყანაში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მიერთებულია.

„სახელმწიფოს ექნება კომუნიკაცია და მოვითხოვთ ინფორმაციას, თუ რის საფუძველზე კეთდება ასეთი განცხადებები. შინაარსობრივად რომ შევხედოთ, ამ შემთხვევაში საუბარი არის იმაზე, რომ რუსეთში წარმოებული პროდუქცია შესაძლოა რეექსპორტით გავიდეს იმ ქვეყნებში, რომელ ქვეყნებშიც აკრძალულია ასეთი ტიპის საქონლის შეტანა.

ქვეყნებში, რომელთაც არ აქვთ დაწესებული სანქციები, ბუნებრივად არ არსებობს  საჭიროება და საბაჟო ოპერაციები არ კეთდება. როდესაც სანქციები არ არის დაწესებული, ამ  შემთხვევაში საქართველო შეიძლება იყოს ტრანზიტის ქვეყანა, როდესაც ორი ქვეყანა ვაჭრობს ერმანეთთან იმ პროდუქციით, რომელიც არ არის სანქცირებული.

ხოლო მეორე შემთხვევაში საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, რომ იმ ქვეყნებში, რომელთაც სანქციები აქვთ დაწესებული, არ მოხვდეს რუსული პროდუქცია. ამ ნაწილში პირველი დღიდან არის მკაცრი საბაჟო კონტროლი, რაც საბაჟო რისკების შესაბამისად კეთდება, შესაბამისი რისკების პროფილების გამოყენებით. ეს რისკების პროფილები სანქციების დაწესების პირველივე დღიდანაა საბაჟო სისტემაში ინპლემენტირებული“,  – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, წარმოუდგენელია, სანქცირებული საქონელი ქართული წარმოშობის სერტიფიკატით ევროკავშირი ქვეყნებში შევიდეს.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროკავშირიც შესაბიმისს კონტროლს ახორციელებს ასეთი პროდუქციის შეტანაზე“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი თავისი პარტნიორი ქვეყნების დახმარებით ცდილობს მონახოს გზები, რათა გვერდი აუაროს დასავლეთის დაწესებულ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.

როგორც უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველოსთან, რათა სანქცირებული რუსული პროდუქცია დასავლურ ბაზარზე რეექსპორტის გზით გავიდეს. კერძოდ, ჯერ შემოვიდეს საქართველოში (და სხვა ქვეყნებში) და შემდეგ ამ ქვეყნების სახელით გავიდეს დასავლეთში. უკრაინული დაზვერვისვე განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებმა სამხრეთ კავკასიის ამ სამ ქვეყანაში უკვე დაარეგისტრირეს 200-ზე მეტი კომპანია.

რუსული პროდუქცია დასავლეთში საქართველოს გავლით — უკრაინის დაზვერვის ბრალდება

მასალების გადაბეჭდვის წესი