საზოგადოება

რუსული პროდუქცია დასავლეთში საქართველოს გავლით — უკრაინის დაზვერვის ბრალდება

1 მაისი, 2022 • 6270
რუსული პროდუქცია დასავლეთში საქართველოს გავლით — უკრაინის დაზვერვის ბრალდება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი თავისი პარტნიორი ქვეყნების დახმარებით ცდილობს მონახოს გზები, რათა გვერდი აუაროს დასავლეთის დაწესებულ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.

როგორც უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველოსთან, რათა სანქცირებული რუსული პროდუქცია დასავლურ ბაზარზე რეექსპოrტის გზით გავიდეს. კერძოდ, ჯერ შემოვიდეს საქართველოში (და სხვა ქვეყნებში) და შემდეგ ამ ქვეყნების სახელით გავიდეს დასავლეთში. უკრაინული დაზვერვისვე განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებმა სამხრეთ კავკასიის ამ სამ ქვეყანაში უკვე დაარეგისტრირეს 200-ზე მეტი კომპანია.

საქართველოს ხელისუფლება ამ ბრალდებას ჯერ ოფიციალურად არ გამოხმაურებია, თუმცა მედიასთან ისაუბრა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა. მისი თქმით, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და „ისეთივე სარწმუნოა, როგორც პირველი განცხადება“.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განყოფილებამ პირველად აპრილის დასაწყისში თქვა, რომ  სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის, რომელიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

მაშინ უკრაინის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულებები, თუ როგორ აკეთებდა საქართველო ამას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თქმით, პირიქით, უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ ის არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები მას შემდეგ დაუწესეს, რაც ის უკრაინაში შეიჭრა 24 თებერვალს და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი