ახალი ამბები

მადლობა ღმერთს, დიქტატურა გვაქვს — ლუკაშენკო

29 აპრილი, 2022 • 1379
მადლობა ღმერთს, დიქტატურა გვაქვს — ლუკაშენკო

ალექსანდრე ლუკაშენკო ღმერთს მადლობას უხდის იმისთვის, რომ ბელარუსში დიქტატურაა. ქალაქ ჩეჩერსკში მოსახლეობასთან შეხვედრისას მან გააკრიტიკა დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები.

ლუკაშენკოს მტკიცებით, ბელარუსის მოსაზღვრე ლიეტუვას, ლატვიასა და პოლონეთს “მარილი არ აქვთ” და თავიანთ მოქალაქეებს ბელარუსში არ უშვებენ იმისათვის, რომ იქ იყიდონ აღნიშნული პროდუქტი.

“ესაა მთელი დემოკრატია! მადლობა ღმერთს, დიქტატურა გვაქვს. თქვენ სულ მაკრიტიკებთ: დიქტატურა, დიქტატურა… მაგრამ ამ დიქტატურაში წესრიგია. დიქტატურა რომ არ იყოს, შიშვლები ვიქნებოდით”, — ციტირებს ლუკაშენკოს ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო “ბელტა”.

28 წელია, ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსს მართავს. ხელისუფლებამ ძალადობით უპასუხა 2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ გამართულ უპრეცედენტო დემონსტრაციებს ლუკაშენკოს წინააღმდეგ.

უფლებადამცველთა თანახმად, ბელარუსს 1 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს.

ბოლო 2 წელიწადში ქვეყანაში მკვეთრად გაძლიერდა აქტივისტების, დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის დევნა. მრავალი მოქალაქე იძულებული გახდა, რეპრესიების თავიდან ასაცილებლად ბელარუსი დაეტოვებინა.

ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სრულმასშტაბიან ომში რუსეთს უჭერს მხარს. რუსული ჯარები თებერვალში უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე მხრიდან, მათ შორის, ბელარუსის ტერიტორიიდან შეიჭრნენ.

„ვიცი, რომ სიბნელეს მოჰყვება სინათლე“ — 3 ბელარუსელი აქტივისტის ამბავი

მასალების გადაბეჭდვის წესი