ახალი ამბები

სააკაშვილთან დაკავშირებით ომბუდსმენთან გვაქვს კითხვები – პენიტენციური

29 აპრილი, 2022 • 889
სააკაშვილთან დაკავშირებით ომბუდსმენთან გვაქვს კითხვები – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.

პენიტენციურის განცხადებით, სახახლო დამცველისგან პასუხების მიღების შემდეგ,  საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც 28 აპრილს პენიტენციურ სამსახურს მიაწოდა დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ. დასკვნის დანართი, სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, არ არის საჯარო. დოკუმენტი მოიცავს მსჯავრდებულის ჩივილებს, მიღებულ მედიკამენტებს, ექსპერტების შთაბეჭდილებებსა და დამატებით რეკომენდაციებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს აქვს კითხვები, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდება სახალხო დამცველს. არგუმენტირებული პასუხის მიღების, გაანალიზებისა და პოზიციების დაზუსტების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები“, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ამასთან, პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ ნებისმიერი განცხადება, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება ადეკვატური მკურნალობა, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა.

მათი თქმით, პენიტენციური სამსახური სრულად უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მედიკამენტებით, თუმცა, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის მიუხედავად, საკუთარი გადაწყვეტილებით, არ იღებს მისთვის გათვალისწინებული პრეპარატების გარკვეულ ნაწილს.

„მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. დამატებით, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში არსებული ფართო ჩამონათვალიდან კვების ნებისმიერი პროდუქტი. გარდა ამისა, იგი რეგულარულად იღებს ამანათებსაც. შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის სრულად ხელმისაწვდომია საკვების მრავალფეროვანი რაციონი“, –  ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

გარდა ამისა, პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სააკაშვილს ყოველდღიურად აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნისა და გასეირნების უფლება, რასაც არ იყენებს, საკუთარი გადაწყვეტილებით.

„ასევე, სრულად დაცულია მისი ყველა სხვა უფლება. შესაბამისად, აპელირება მისი უფლებების შესაძლო დარღვევაზე არის მანიპულაციური მეთოდით არსებული ვითარების მკვეთრად დამახინჯების მცდელობა“, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.


27 აპრილს სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება. ექიმების თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და დეპრესიის ნიადაგზე მას ანორექსია განუვითარდა.

კონსილიუმის ექიმ თენგიზ წულაძის თქმით, ცილოვანი შიმშილის მკურნალობაა ცილოვანი საკვების მიღება, თუმცა პაციენტი ამაზე უარს აცხადებს.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ორშაბათამდე, 2 მაისის 18:00 საათამდე აძლევენ ვადას, რათა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ.

ვრცლად სააკაშვილის სამედიცონო მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა შეგიძლიათ ნახოთ აქ:

სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს — კონსილიუმის დასკვნა

მასალების გადაბეჭდვის წესი