ახალი ამბები

კიევში სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი

29 აპრილი, 2022 • 1521
კიევში სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი

კიევში რუსეთის გუშინდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა „რადიო თავისუფლების“ უკრაინული ბიუროს ჟურნალისტი ვერა გირიჩი. ინფორმაციას მისი კოლეგა ავრცელებს.

„ეს არის ვერა გირიჩის პატარა მაგიდა – ის ჩემი კოლეგა იყო „რადიო თავისუფლებაში“. ამ მანქანით რამდენიმე წლის წინ ვერამ წაგვიყვანა ნემიშაევოში, რათა ეჩვენებინა, როგორ მოგვეპოვებინა ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ვერა აღარ გვყავს. რუსული ჭურვი მოხვდა მის სახლს, რომლის ნანგრევებშიც მან მთელი ღამე გაატარა, დილით კი მისი ცხედარი ვიპოვეთ“, – წერს ოლექსანდრ დიმჩენკო ფეისბუკზე.

წუხელ, ღამის განმავლობაში, კიევის საცხოვრებელ უბანს რუსეთი თავს დაესხა. აფეთქებების შედეგად, დაზიანდა საცოხვრებელი სახლებიც, არის მსხვერპლიც.


უკრაინაში 24 თებერვალს რუსეთის წამოწყებულ ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბებმა ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც, მათ შორის დედაქალაქი – კიევი.

უკრაინული მხარე ასევე საუბრობს მოქალაქეთა წამებისა და გაუპატიურების ფაქტებზე, მათ შორის არიან ბავშვებიც. ამასთანავე, უკრაინა იუწყება, რომ ალყაში მოქცეული ქალაქებში, მათ შორის, მარიუპოლში, რუსეთი ხელს უშლის ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობას.

ნახეთ ასევე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/402185/

მასალების გადაბეჭდვის წესი