„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კითხვარის შევსებას არ ჩქარობს, რადგან სურს, „ხარისხსიანი“ პასუხები გასცეს.
მისი თქმით, საჩქარო არაფერია.
„ვადები არის განსაზღვრული ევროკავშირის მხრიდან და 9 მაისამდე, როგორც ეს არის განსაზღვრული, ჩვენი მხრიდან იქნება შევსებული კითხვარის ორივე ნაწილი – პირველი ნაწილი და მეორე ნაწილიც. სათანადო ვადებში იქნება შევსებული.
რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო უფრო ადრეც ამის გაკეთება, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ვადა აქვს ევროკავშირს მოცემული, გვინდა, რომ მაქსიმალური დრო დავუთმოთ და მაქსიმალურად ხარისხიანი დოკუმენტი წარვადგინოთ. ევროკავშირში სამივე განაცხადი ერთნაირი ქრონოლოგიით იქნება განხილული. საჩქარო არაფერია, ეს ვადა იწურება 10 დღეში და ამ 10 დღის განმავლობაში, ბუნებრივია, შედგება პასუხები კითხვარზე და წარედგინება ევროკავშირს“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
საქართველოსა და მოლდოვას 11 აპრილს გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი.
მოლდოვამ 22 აპრილს დაასრულა ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კითხვარის შევსება.
მანამდე, 17 აპრილს, უკრაინამ განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კითხვარის შევსება დაასრულა, რომელიც უკრაინას 8 აპრილს გადაეცა.








