უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კითხვარის შევსება დაასრულა. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ დღეს, 17 აპრილს განაცხადა.
“დღეს გავიდა ერთი კვირა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოკუმენტი, რომელიც ქალბატონმა ურსულამ [ევროკომისიის პრეზიდენტი] ჩამოიტანა, უკრაინულმა მხარემ დაასრულა.
ველით, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ ევროკომისიას მივაწოდეთ, დადებითი რეკომენდაცია გაიცემა და შემდეგ კი ბურთი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოედანზე იქნება”, – განაცხადა მან.
კითხვარის შევსების შემდეგ ევროკომისიამ მოსაზრება უნდა მოამზადოს, რომელზე დაყრდნობითაც ევროპული საბჭო, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან შეგდება, კონსენსუსით გადაწყვეტს მიანიჭოს თუ არა უკრაინას წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
იგორ ჟოვკვა მიიჩნევს, რომ უკრაინა ევროკავშირში უახლოეს წლებში გაწევრიანდება, თუმცა მისი თქმით, ამას 5 წელზე მეტი არ დასჭირდება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 8 აპრილს კიევში გადასცა კითხვარი, რომელიც ქვეყანას უნდა შეევსო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ. ეს არის შემდგომი პროცედურული ნაბიჯი წევრობაზე განაცხადის შემდეგ.
ერთობლივ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კითხვას ერთ კვირაში შეავსებდნენ.








