ახალი ამბები

IRI-ის კვლევაც აჩვენებს, რომ ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია – კობახიძე

28 აპრილი, 2022 • 568
IRI-ის კვლევაც აჩვენებს, რომ ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის,  ირაკლი კობახიძის თქმით, IRI-ის კვლევებმა აჩვენა, რომ ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია.

როგორც კობახიძე ამბობს, კვლევის შედეგები ემთხვევა „ოცნების“ გზავნილს, რომ  პოლიტიკური სისტემა ვერ განვითარდება მანამ, სანამ ოპოზიცია პოლიტიკაში „დეგრადირებული სახეებით რჩება“.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები იმ კომპანიასთან მიმართებით, რომელიც IRI-ის კვლევას უტარებს, თუმცა ამ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევაც კი უმძიმესია ოპოზიციისთვის. ყველა მიმართილუბით რომ ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია, ამას ყველა ხედავს.

ჩვენი მხარდამჭერია 50 % და  ჩვენი გზავნილია, რომ დაუშვებელია, ოპოზიცია ამ ფორმით დარჩეს საქართველოში და ჩვენი მხარდამჭერი ამას რომ ამბობს, ეს არის ლოგიკური.  ვიდრე ოპოზიცია აბსოლუტურად დეგრადირებული სახეებით რჩება პოლიტიკაში, მანამდე პოლიტიკურ სისტემას განვითარება არ უწერია. „ქართული ოცნება“ განსხვავებული მოცემულობაა. შეგიძლიათ შეადაროთ ერთმანეთს ჩვენი სახეები და გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი და თქვენი სახეები, ხომ? არის აბსოლუტურად განსხვავებული“, – განაცხადა კობახიძემ.


IRI-ს კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 31% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 16% — „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 4% — გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.

კვლევის თანახმად, ქვეყანაში გამძაფრებულია პოლიტიკური პოლარიზაციის შეგრძნება. კითხვაზე, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა საზოგადოების დაყოფისკენ არის მიმართული თუ გაერთიანებისკენ, გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად პოლარიზებულია. მზარდი პოლარიზაციის ფონზე, საქართველოს მოქალაქეების 60%-ს სურს, რომ მომავალ არჩევნებზე ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი