ახალი ამბები

კობახიძე youtube-ზე გავრცელებული ჩანაწერების წყაროს ტელევიზიებს სთხოვს

28 აპრილი, 2022 • 522
კობახიძე youtube-ზე გავრცელებული ჩანაწერების წყაროს ტელევიზიებს სთხოვს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე youtube-ზე გავრცელებული ჩანაწერების წყაროს დასახელებას ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიებისგან ითხოვს.

საუბარია 25 აპრილს youtube-ზე გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომელშიც ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.

მისი თქმით, სწორედ ამ ტელევიზიებმა უნდა დაადასტურონ, არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური.

„რაც შეეხება ავთენტურობას, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. შეგიძლიათ სხვანაირად მოიკითხოთ ეს ინფორმაცია, მათ შორის, წყაროც არის თქვენთვის ცნობილი და შეიძლება წყაროსაც ჰკითხოთ, თუ უხერხულობას არ შექმნის ეს ჩაკითხვა თქვენთვის, ანუ საიდან გახდა ეს ჩანაწერი ცნობილი კონკრეტული ტელევიზიისთვის“, — განაცხადა კობახიძემ.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვაზე, თავად თუ იცის, საიდან გახდა ცნობილი, კობახიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი წყარო შესაძლოა, პიტერ აკერმანი იყოს. აკერმანი არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს და აპრილის დასაწყისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ბაკურიანში შეხვდა.

„არა, მე მათ ვეკითხები, საიდან გახდა ცნობილი იმიტომ, რომ ან ქართული მხრიდან უნდა ყოფილიყო მათთვის ცნობილი, ან რუსული მხრიდან, ან აკერმანს უნდა ჩამოეტანა ბაკურიანში. პირველი გამორიცხულია, მეორე და მესამე სერიოზულ უხერხულობას შეუქმნის კონკრეტულ ტელევიზიას, რომელიც დაკავშირებულია ენმ-სთან.

აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ამ ტელევიზიას უნდა ვკითხოთ, არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური და მათ ამისათვის წყაროზე უნდა ისაუბრონ. თუმცა მე მგონია, რომ წყაროს გამჟღავნება მათთვის სერიოზული უხერხულობის შემქმნელი იქნება“, — განაცხადა კობახიძემ.


25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საუბრობენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ჩანაწერები youtube-ზე მომხმარებელმა cyber kmara-მ გამოააქვეყნა. ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს.

ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით კი, 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის.

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა –  ევტუშენკოვი თითქოს ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც “დავითი” ჩამოიტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი