ახალი ამბები

შეშფოთებული ვარ დნესპრისპირეთში განვითარებული მოვლენებით — ზურაბიშვილი

27 აპრილი, 2022 • 1278
შეშფოთებული ვარ დნესპრისპირეთში განვითარებული მოვლენებით — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს სოლიდარობას უცხადებს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ დნესპრისპირეთში განვითარებული მოვლენებით. ჩემი სრული სოლიდარობა პრეზიდენტ მაია სანდუსა და სრულიად მოლდოვას! ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია“, — წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

რამდენიმე დღის წინ მოლდოვაში, დნესტრისპირეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში სამი აფეთქება მოხდა. მოლდოვამ მომხდარი დაგმო და ვითარების ხელოვნურად გამწვავების მცდელობად შეაფასა. მოლდოვის მთავრობაში არსებული რეინტეგრაციის პოლიტიკის ბიუროს თანახმად, 25 აპრილს ტირასპოლში მომხდარი თავდასხმის მიზანი არის „დნესტრისპირეთის რეგიონში უსაფრთხოების ვითარების დასაძაბად საბაბის ხელოვნურად შექმნა“.

დნესტრისპირეთმა, თავის მხრივ, ტერორისტული საფრთხის წითელი დონე გამოაცხადა და თქვა, რომ თავდასხმების კვალი უკრაინისკენ მიდის.

მანამდე, უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთი მოლდოვაში, დნესტრისპირეთის რეგიონში, დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშს გეგმავს, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლება.

უკრაინული უწყების ცნობით, დნესტრისპირეთის თვითაღიარებულ მოლდოვურ რესპუბლიკაში ადამიანები უკრაინის შეიარაღებული ძალების სახელით იღებენ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, რომლითაც თითქოსდა უკრაინული მხარე მათ აცნობებს მოსალოდნელი სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების შესახებ. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ შეტყობინების შინაარსი სიმართლეს არ შეესაბამება და უკრაინის ხელისუფლებას ამგვარ პროვოკაციებთან საერთო არაფერი აქვს.

სანდუ: დნესტრისპირეთში ძალები, რომლებსაც დესტაბილიზაცია სურთ, ესკალაციას ცდილობენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი