ახალი ამბები

სანდუ: დნესტრისპირეთში ძალები, რომლებსაც დესტაბილიზაცია სურთ, ესკალაციას ცდილობენ

26 აპრილი, 2022 • 1057
სანდუ: დნესტრისპირეთში ძალები, რომლებსაც დესტაბილიზაცია სურთ, ესკალაციას ცდილობენ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ  ბოლო 24 საათში დნრესტრისპირეთში განვითარებული მოვლენები რეგიონში არსებული გარკვეული ძალების მიერ ესკალაციის მცდელობაა, რომლებსაც სიტუაციის დესტაბილიზება სურთ.

აღნიშნული განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მაია სანდუს თქმით, შესაბამისი უწყებები სიტუაციას თვალს ადევნებენ და გმობენ მოლდოვის ისეთ ქმედებებში ჩათრევის ყველა მცდელობას, რომელიც ქვეყნის მშვიდობას შეუქმნის საფრთხეს:

„სიტუაცია კომპლექსური და დაძაბულია. მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ესკალაციის აღსაკვეთად, ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და მოქალაქეების დასაცავად“, – აცხადებს მაია სანდუ.

მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ესკალაცია ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს მიღმა არსებულ ტერიტორიაზე ხდება, დნესტრისპირეთი მოლდოვის ტერიტორიაა, სადაც მოლდოვის მოქალაქეები ცხოვრობენ და აღნიშნავს, რომ მათი დაცვა და უსაფრთხოება მთავრობის პრიორიტეტია.

მოლდოვაში, დნესტრისპირეთის სახელით ცნობილ რეგიონში, რომელმაც დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა, დე ფაქტო უშიშროების სამინისტროს შენობა და რუსეთის რადიოს გადამცემი ანძები ააფეთქეს.

დნესტრისპირეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 25 აპრილს რეგიონის დედაქალაქში, ტირასპოლში, აქამდე უცნობი პირები თავს დაესხნენ უშიშროების დე ფაქტო სამინისტროს შენობას. დე ფაქტო უწყების თანახმად, წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გამოიყენეს RPG-ის ტიპის ყუმბარმტყორცნები.

მოგვიანებით, 26 აპრილს, კიდევ ორი აფეთქება დაფიქსირდა სოფელ მაიაკში, სადაც უცნობმა პირებმა ორი რადიოგადამცემი ანძა ააფეთქეს. ანძები გამოიყენებოდა რუსეთის რადიოს სიგნალის გადასაცემად. თავდასხმების შედეგად არავინ დაღუპულა.

მოლდოვის მთავრობაში არსებული რეინტეგრაციის პოლიტიკის ბიუროს თანახმად, 25 აპრილს ტირასპოლში მომხდარი თავდასხმის მიზანი არის „დნესტრისპირეთის რეგიონში უსაფრთხოების ვითარების დასაძაბად საბაბის ხელოვნურად შექმნა“.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოლდოვაში, ისევე როგორც სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში, ეთნიკური კონფლიქტები დაიწყო.

მოლდოვაში, ძირითადად ეთნიკურად რუსი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონში, რომელიც მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

მოლდოვაში დაპირისპირება საბოლოოდ შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, რომელიც სამმხრივი შეთანხმებით დასრულდა, რის შემდეგაც რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალები განთავსდნენ, რომლებიც დოკუმენტის თანახმად, არ წარმოადგენენ კონფლიქტის მხარეს.

რეგიონის მკვლევართა, პოლიტიკოსთა და დიპლომატთა ნაწილის შეფასებით, დნესტრისპირეთში კონფლიქტის გაღრმავება რუსეთის მიერ იყო მხარდაჭერილი, რათა, როგორც სხვა რესპუბლიკებში, მოლდოვაშიც მოეპოვებინა ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლის ბერკეტი.

დნესტრისპირეთს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება უკრაინა, კერძოდ, ოდესის ოლქი, რომლის დაკავებაც ამ დრომდე ვერ შეძლეს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეძლებს ოდესის დაკავებას, მიიღებს სახმელეთო კავშირს დნესტრისპირეთთან, რაც რეგიონში მის გავლენებს გაზრდის.

მოლდოვასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები პერიოდულად იძაბება, რაც გამოწვეულია, მათ შორის, დნესტრისპირეთის კონფლიქტით, რუსეთის მიერ მოლდოვისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებისას პრობლემების ხელოვნურად შექმნით და სხვა საკითხებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი