ახალი ამბები

სანდუმ მოლდოვის არმიის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა

27 აპრილი, 2022 • 853
სანდუმ მოლდოვის არმიის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ქვეყანამ უნდა შექმნას პროფესიონალური და თანამედროვე არმია.

“ეს არის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვაში“, – განაცხადა მაია სანდუმ ქვეყნის ეროვნული დროშის დღისადმი ცერემონიალისას.

მისი განცხადებით, წარსულში მოლდოვამ არ დაუთმო საკმარისი ყურადღება თავდაცვის სექტორის განვითარებას და ახლა ქვეყანას არ აქვს თავდაცვისთვის საკმარისი სამხედრო აღჭურვილობა.

„ჩვენი არმია იყო შეიარაღების გარეშე, რის შედეგებსაც ამჟამად ვიმკით… სიმართლე ისაა, რომ პოლიტიკურმა კლასმა არ დაუთმო საკმარისი ყურადღება მოლდოვის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, რომელიც გაუძლებდა დღევანდელ გამოწვევებს“, – განაცხადა მაია სანდუმ.

სანდუს განცხადებით, მოლდოვამ უნდა გაიზიაროს სხვა ნეიტრალური სახელმწიფოების გამოცდილება.

პორტალ GlobalFirePower-ის მიხედვით, რომელიც ითვლის მსოფლიოს ქვეყნების შიეარაღებული ძალების ინდექსს, მოლდოვა 142 ქვეყანას შორის 94-ე ადგილზეა.

მოლდოვას არ აქვს არცერთი ბომბდამშენი ან გამანადგურებელი თვითმფრინავი, აქვს მხოლოდ 10 ტანკი, 9 თვითმავალი საარტილერიო სისტემა. ქვეყანას აქვს შედარებით ბევრი ჯავშან-მანქანა (381 ერთეული), რომელთა უმრავლესობაც საბჭოთა წარმოებისაა.

რამდენიმე დღის წინ მოლდოვაში, დნესტრისპირეთის სახელით ცნობილ რეგიონში, სამი აფეთქება მოხდა.

მოლდოვამ მომხდარი დაგმო და ვითარების ხელოვნურად გამწვავების მცდელობად შეაფასა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოლდოვაში, ისევე როგორც სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში, ეთნიკური კონფლიქტები დაიწყო.

მოლდოვაში, ძირითადად ეთნიკურად რუსი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონში, რომელიც მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

ქვეყანაში დაპირისპირება საბოლოოდ შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, რომელიც სამმხრივი შეთანხმებით დასრულდა, რის შემდეგაც რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალები განთავსდნენ, რომლებიც დოკუმენტის თანახმად, არ წარმოადგენენ კონფლიქტის მხარეს.

რეგიონის მკვლევართა, პოლიტიკოსთა და დიპლომატთა ნაწილის შეფასებით, დნესტრისპირეთში კონფლიქტის გაღრმავება რუსეთის მიერ იყო მხარდაჭერილი, რათა, როგორც სხვა რესპუბლიკებში, მოლდოვაშიც მოეპოვებინა ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლის ბერკეტი.

მოლდოვასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები პერიოდულად იძაბება, რაც გამოწვეულია, მათ შორის, დნესტრისპირეთის კონფლიქტით, რუსეთის მიერ მოლდოვისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებისას პრობლემების ხელოვნურად შექმნით და სხვა საკითხებით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი