ახალი ამბები

უკრაინის გენშტაბი: დნესტრისპირეთში რუსული ჯარები საბრძოლო მზადყოფნაშია

26 აპრილი, 2022 • 2082
უკრაინის გენშტაბი: დნესტრისპირეთში რუსული ჯარები საბრძოლო მზადყოფნაშია

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსული ჯარები დნესტრისპირეთში საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.

როგორც უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent წერს, მოლდოვის ტერიტორიაზე თვითაღიარებულ  რესპუბლიკაში ამჟამად 8 000-მდე სამხედრო იმყოფება, რომელთაგან 3 000 რუსი სამხედროა.

მოლდოვური მედიის განცხადებით, დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ვადიმ კრასნოსელცკიმ დე ფაქტო უშიშროების საბჭო მოიწვია და ტერორისტული საფრთხის წითელი კოდი გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მოლდოვის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა.

მანამდე, უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთი მოლდოვაში, დნესტრისპირეთის რეგიონში, დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშს გეგმავს, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლება.

უკრაინული უწყების ცნობით, დნესტრისპირეთის თვითაღიარებულ მოლდოვურ რესპუბლიკაში ადამიანები უკრაინის შეიარაღებული ძალების სახელით იღებენ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, რომლითაც თითქოსდა უკრაინული მხარე მათ აცნობებს მოსალოდნელი სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების შესახებ. უკრაინული მხარე ამგვარი შეტყობინების ნიმუშსაც ავრცელებს:

„უკრაინის უშიშროების სამსახური მოგიწოდებთ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისკენ უსაფრთხო რეგიონებში. გარწმუნებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ სურს ზიანი მიადგეთ მშვიდობიან მოქალაქეებს, თუმცა პირები, რომლებიც ქალაქებში დარჩებიან, დივერსიულ ჯგუფებად იქნებიან მიჩნეული და გაფრთხილების გარეშე განადგურდებიან. ზუსტად 19:00 საათზე სარაკეტო და საარტილერიო იერიში განხორციელდება რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე“, – წერია შეტყობინებაში, რომელიც უკრაინული დაზვერვის თქმით, მათი სახელით ვრცელდება.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ შეტყობინების შინაარსი სიმართლეს არ შეესაბამება და უკრაინის ხელისუფლებას ამგვარ პროვოკაციებთან საერთო არაფერი აქვს.

მოლდოვაში, დნესტრისპირეთის სახელით ცნობილ რეგიონში, რომელმაც დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა, დე ფაქტო უშიშროების სამინისტროს შენობა და რუსეთის რადიოს გადამცემი ანძები ააფეთქეს.

დნესტრისპირეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 25 აპრილს რეგიონის დედაქალაქში, ტირასპოლში აქამდე უცნობი პირები თავს დაესხნენ უშიშროების დე ფაქტო სამინისტროს შენობას. დე ფაქტო უწყების თანახმად, წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გამოიყენეს RPG-ის ტიპის ყუმბარმტყორცნები.

მოგვიანებით, 26 აპრილს, კიდევ ორი აფეთქება დაფიქსირდა სოფელ მაიაკში, სადაც უცნობმა პირებმა ორი რადიოგადამცემი ანძა ააფეთქეს. ანძები გამოიყენებოდა რუსეთის რადიოს სიგნალის გადასაცემად. თავდასხმების შედეგად არავინ დაღუპულა.

მოლდოვის მთავრობაში არსებული რეინტეგრაციის პოლიტიკის ბიუროს თანახმად, 25 აპრილს ტირასპოლში მომხდარი თავდასხმის მიზანი არის „დნესტრისპირეთის რეგიონში უსაფრთხოების ვითარების დასაძაბად საბაბის ხელოვნურად შექმნა“.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოლდოვაში, ისევე როგორც სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში, ეთნიკური კონფლიქტები დაიწყო.

მოლდოვაში, ძირითადად ეთნიკურად რუსი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონში, რომელიც მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. მოლდოვაში დაპირისპირება საბოლოოდ შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, რომელიც სამმხრივი შეთანხმებით დასრულდა, რის შემდეგაც რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალები განთავსდნენ, რომლებიც დოკუმენტის თანახმად, არ წარმოადგენენ კონფლიქტის მხარეს.

რეგიონის მკვლევართა, პოლიტიკოსთა და დიპლომატთა ნაწილის შეფასებით, დნესტრისპირეთში კონფლიქტის გაღრმავება რუსეთის მიერ იყო მხარდაჭერილი, რათა, როგორც სხვა რესპუბლიკებში, მოლდოვაშიც მოეპოვებინა ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლის ბერკეტი.

დნესტრისპირეთს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება უკრაინა, კერძოდ, ოდესის ოლქი, რომლის დაკავებაც ამ დრომდე ვერ შეძლეს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა.იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეძლებს ოდესის დაკავებას, მიიღებს სახმელეთო კავშირს დნესტრისპირეთთან, რაც რეგიონში მის გავლენებს გაზრდის.

მოლდოვასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები პერიოდულად იძაბება, რაც გამოწვეულია, მათ შორის, დნესტრისპირეთის კონფლიქტით, რუსეთის მიერ მოლდოვისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებისას პრობლემების ხელოვნურად შექმნით და სხვა საკითხებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი