ახალი ამბები

მელია: კეზერაშვილი ყაჩაღობით ნაშოვნი ფულით აფინანსებს ივანიშვილის შექმნილ ევროპულ საქართველოს

11 სექტემბერი, 2017 • 4509
მელია: კეზერაშვილი ყაჩაღობით ნაშოვნი ფულით აფინანსებს ივანიშვილის შექმნილ ევროპულ საქართველოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა დავით კეზერაშვილმა ძარცვით და ყაჩაღობით იშოვა ფული და ახლა ბოკერია-უგულავას პარტია “ევროპულ საქართველოს” აფინანებს, მან ასევე კორუმპირებული უწოდა თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას. ეს განცხადება მელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში, “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” გააკეთა.

“ენმ-ში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მოსყიდვებს დაექვემდებარნენ, რამდენიმე პოლიტიკოსი ახლა ვითომ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს. იქაც არიან, რა თქმა უნდა, ღირსეული ადამიანები, მაგრამ 2-3 ადამიანის გარდა არავინ არ იცის და ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ის ყველაფერი, რაც მოხდა და დანამდვილებით ვიცი, რომ გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და დათო კეზერაშვილის გარეშე მოხდა, მაგალითად, მათი ნაციონალური მოძრაობიდან გაყოფა. გიგა ბოკერიას, გიგი უგულავასა და დათო კეზერაშვილის აქტიური მონაწილეობით იყო მცდელობა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად დანგრეულიყო ენმ.

არა მაქვს მე მორალური უფლება, ვაკრიტიკო ფარცხალაძე სამართლიანად, როდესაც ვიცი, რომ მილიონებს, ასობით მილიონს შოულობდა, როდესაც ვიცი, რომ იმ პარტიაში, რომლის პოლიტსაბჭოსაც ვხელმძღვანელობ, იყო ადამიანი წლების წინ, რომელმაც სრულიად გაურკვევლად იშოვა მილიონები- ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით, და ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ ევროპულ საქართველოს აფინანებს”, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, როდესაც დავით კეზერაშვილი “ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა, ძარცვავდა ისე, როგორც ფარცხალაძე ძარცვავს დღეს საქართველოს”. მისი თქმით, კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორები დღეს საქართველოში იმყოფებიან და ავითარებენ ბიზნესს.

მელიას თქმით, 2003 წელს ვარდების რევოლუციას მოჰყვა “უღირს ადამიანთა წყებაც”. სწორედნ მათ რიგებში მოიხსენია მან კეზერაშვილი.

“გამოვიდეს კეზერაშვილი და ახსნას, საიდან იშოვა ფული?!” – განაცხადა მელიამ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე მელიას ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის “ქოცური ნარატივი”. ვრცლად კახიძის განცხადება ამ თემაზე იხილეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი