ახალი ამბები

არ ვაპირებ იმის თქმას, რომ შევიკრიბებით და პრობლემა მყისიერად გადაწყდება – მელია სააკაშვილზე

22 აპრილი, 2022 • 1942
არ ვაპირებ იმის თქმას, რომ შევიკრიბებით და პრობლემა მყისიერად გადაწყდება – მელია სააკაშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება მოკლევადიან პერსპექტივაში არ უნდა განიხილებოდეს.

დღეს მელიას ფეისბუკზე ლაივსტრიმი [ინტერაქციული პირდაპირი ეთერი] ჰქონდა, რა დროსაც მხარდამჭერების კითხვებს უპასუხა. პირველი კითხვა, რომელიც მან წაიკითხა, შემდეგია:

„მიშას რას უპირებ? რატომ არ აქტიურობ, ვერ გავიგე. აღარ შეგვიძლია ხალხს ამდენის მოთმენა, რატომ დაშალე 50-ათასიანი მიტინგი?“.

ნიკა მელია საპასუხოდ ამბობს, რომ რაკი ამაზე ხაზგასმა უწევს, ე.ი. – „ სადღაც რაღაც ჩვენ შორის ურთიერთობა შეიბღალა და შეილახა. საკომუნიკაციო სისტემა ვერ აეწყო, როგორიც საჭირო იყო. სხვაგვარად შეუძლებელია ეს შეკითხვა ისმებოდეს გულმხურვალე მხარდაჭერის მხრიდან“.

მელია დასძენს, რომ თუკი პარტია ბოლო 6 თვის განმავლობაში რაიმეს აკეთებდა, ყველა ქმედება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ იყო მიმართული- იქნებოდა ეს ღონისძიებები, შეხვედრები თუ სხვა.

„დიახაც თავშივე გეტყვით – მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა თავიდანვე ჩანდა, რომ, სამწუხაროდ, ვერ იქნებოდა ხანმოკლე და ბევრ სირთულესთან დაკავშირებული იქნებოდა. უკვე მე-7 თვეა არის მისი ტყვეობა სახეზე. მაგრამ გამოსავალი არის აქტიურობა.

მელიას თქმითვე, მხოლოდ საპროტესტო აქციები არ კმარა და სტრატეგია თანხვედრაში უნდა მოვიდეს სხვა ქმედებებთან. ის ასევე ამატებს, რომ კიევში ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილი იყო. ამასთანავე, უახლოეს 2 კვირაში მას უცხოეთში რამდენიმე ვიზიტი აქვს დაგეგმილი.

„მიხეილ სააკაშვილის დახსნა ტყვეობიდან, ისე, რომ გავთვალოთ ეს მოკლევადიან პერსპექტივაში – არის ძალიან რთული.

არსებობს რამდენიმე გამოსავალი, ერთი- ხალხმრავალ განგრძობითი აქციები, მეორე – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან აქტიური ჩართულობა და მათი აქტიური მონაწილეობით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მესამე – შესაძლებლობა თეორიული არის ქალბატონი ზურაბიშვილის მიერ შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერა, რასაც ის არ აკეთებს და ამის იმედი აღარავის გვაქვს.

რაც შეეხება პირველ გამოსავალს, ჩვენ ეს ყველაფერი ვცადეთ ბევრჯერ და აუცილებლად კიდევ ვცდით, მაგრამ მოლოდინი სწრაფი ეფექტის მიღების, ჩემო დამსახურებულო ქართველო პატრიოტებო, მოლოდინი იმისა, რომ სწრაფი ეფექტი დადგება, ჩვენ თვითონვე გვაზიანებს. ჩვენ თვითონვე გვაზიანებს, რომ შევიკრიბებით და შეკრებისთანავე მიხეილ სააკაშვილი იქნება გათავისუფლებული. ამას სჭირდება შესაბამისი ორგანიზებულობა და შესაბამისი განწყობა და მზაობა , რომ პროტესტი იყოს ხანგრძლივი“, – ამბობს მელია.

ის ასევე დასძენს, რომ მისი, როგორც თავმჯდომარის, მოვალეობაა შეაფასოს, რამდენად არის მზად პარტიაც და საზოგადოებაც, უწყვეტი ხალხმრავალი აქციები გამართოს – „როდის დავასრულებთ ბიძინა ივანიშვილს, როცა დაგვაბოლოებინებთ, როცა ჩვენ თქვენ დაგაბოლოებინებთ“.

„ვიქნებით 5-6 ათასი? გამოვთქვამთ პროტესტს? მერე კვლავ გამოვალთ.. ვიქნებით 100-150 ათასი და მეტი, გადაწყვეტილებებიც შესაბამისი იქნება მიღებული. მაგრამ იმისი თქმა, რომ აი, ახლა, ერთ კვირაში ჩვენ შევიკრიბებით და მყისიერად ეს პრობლემა გადაწყდება – ამას მე არ ვაპირებ. ამას სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა და რკინის ნერვები და ფსიქოლოგიური ომი იწარმოება უპირველეს ყოვლისა ჩვენს ქვეყანაში.

არ შეიძლება ის დაქსაქსულობა, რომელიც ძალიან მაწუხებს.. ძალიან მაწუხებს ის ურთიერთგაუგებრობა, რომელიც, ერთის მხრივ, არის ობიექტური, მეორეს მხრივ კი, ვერავინ გადამარწმუნებს, რომ არ არის ხელოვნურად აბუყბუყებული ხელისუფლების მხრიდან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი