ახალი ამბები

უკრაინის შემდეგ, მოლდოვამ EU-ში გაწევრიანების კითხვარის შევსება დაასრულა

22 აპრილი, 2022 • 2182
უკრაინის შემდეგ, მოლდოვამ EU-ში გაწევრიანების კითხვარის შევსება დაასრულა

მოლდოვამ, დღეს, 22 აპრილს, დაასრულა ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კითხვარის შევსება.

შევსებული კითხვარი დღეს სპეციალურ ცერემონიაზე მოლდოვაში ევროკავშირის ელჩს – იანიკ მაჟეიკს გადასცეს.

მანამდე, 17 აპრილს უკრაინამ განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კითხვარის შევსება დაასრულა. კითხვარი უკრაინას 8 აპრილს გადაეცა.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა.

საქართველოსა და მოლდოვას 11 აპრილს გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი.

მთავრობამ აღნიშნული დოკუმენტი 15 აპრილს გაასაჯაროვა. მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირისგან კითხვარის მეორე ნაწილს მოგვიანებით მიიღებენ, რაც ასევე საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი.

კითხვარის შევსება საქართველოს ჯერ არ დაუმთავრებია.

დოკუმენტის პირველი ნაწილი, რომელიც 369 კითხვისგან შედგება,  რამდენიმე ქვეთავადაა დაყოფილი, მათ შორისაა: დემოკრატია და კანონის მმართველობა; ფუნდამენტური უფლებები, რეგიონული საკითხები, საერთაშორისო ვალდებულებები და ეკონომიკური საკითხები.

მასალების გადაბეჭდვის წესი