ახალი ამბები

აუარესებს პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს – NGO-ები „ოცნების“ ინიციატივაზე

21 აპრილი, 2022 • 775
აუარესებს პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს – NGO-ები „ოცნების“ ინიციატივაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებენ „ქართული ოცნების“ მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს და პარლამენტს მოუწოდებენ, რომ არ დაუჭიროს მხარი ინიცირებულ რედაქციას.

კანონპროექტით შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას.

მათი თქმით, შემოთავაზებული ცვლილებები განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა ისედაც მწვავე პრობლემად რჩება ქვეყანაში.

„სატელეფონო კომუნიკაციის უკანონო მიყურადების არაერთი ფაქტი კვლავაც გამოუძიებელია, მასობრივი თვალთვალის თაობაზე კი ბოლოს გასული წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც საუბარია 2013-2021 წლებში სამოქალაქო აქტივისტების, რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და სხვა პირების კერძო კომუნიკაციების სავარაუდო მასობრივი თვალთვალის პრაქტიკების თაობაზე“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, პირად ცხოვრებაში მასობრივი უკანონო ჩარევების ფონზე, ნაცვლად ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისა, მმართველი გუნდი კიდევ უფრო მეტ საკანონმდებლო ბერკეტს ანიჭებს სამართალდამცავ ორგანოებს.

მათი თქმით, აღნიშნული კიდევ უფრო ზრდის თვითნებობის და პირად ცხოვრებაში უსაფუძვლო ჩარევის რისკებს.

ამასთან, NGO-ები ხაზს უსვამენ, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში არაა კონკრეტული დასაბუთება და არგუმენტაცია, თუ რა გახდა ცვლილებების შემუშავების საჭიროება, ან ყოველდღიურ პრაქტიკაში რა პრობლემებს უქმნიდა მოქმედი კანონმდებლობა სამართალდამცავ ორგანოებს.

მათი თქმით, განმარტებითი ბარათი მხოლოდ ზოგადად აკეთებს მითითებას ჰიბრიდულ ომსა და კიბერ-უსაფრთხოებაზე.

„თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება დემონსტრაციულად არაეფექტურია ძალადობრივი პრორუსული ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეების აღკვეთისას, ასევე, რუსული დეზინფორმაციით შუღლის გაღვივების რისკების პრევენციისას, ჰიბრიდულ საფრთხეებზე აპელირება მხოლოდ მოჩვენებითია და მისი რეალური მიზანი ტოტალური კონტროლის მექანიზმების გაჩენაა.

ბოლო წლების ტენდენცია აჩვენებს იმასაც, რომ ფარული მოსმენები არ უკავშირდება მხოლოდ პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფას და ის ხშირ შემთხვევაში გამოიყენება პოლიტიკურ თუ სოციალურ პროცესებზე ზეგავლენის მიზნით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს უსაფრთხოების სისტემის ინსტრუმენტალიზების პრობლემას“, – აცხადებენ NGO-ები.

არასამთავრობოების განცხადებით, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ისედაც არაერთი ხარვეზი ახასიათებს, რაც მათ შორის ვერც 2014 წლის რეფორმით იქნა გადაჭრილი.

„სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს 300- მდე მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა უკვე გაიმართა, თუმცა უკვე 4 წელია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება.

ამავდროულად, ნორმატიულ დონეზე უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს კონტრდაზვერვითი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც უკონტროლო უფლებამოსილებას ანიჭებდა შესაბამის უწყებებს, განეხორციელებინათ ელექტრონული კომუნიკაციების თვალთვალი და ამ გზით თვითნებურად ჩარეულიყვნენ პირადი ცხოვრების უფლებაში.

სამწუხაროდ, ნაცვლად აღნიშნული საკანონმდებლო პრობლემების მოგვარებისა, ხელისუფლებას კონტრდაზვერვითი კანონმდებლობის მსგავსი რეგულაციები შემოაქვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რითიც ფაქტობრივად ნორმალიზებას უკეთებს ხანგრძლივი დროით ადამიანების ელექტრონულ კომუნიკაციებზე მეთვალყურეობას“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ:

    • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
    • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
    • უფლებები საქართველო
    • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
    • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
    • ადამიანის უფლებათა ცენტრი
    • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
    • ღია საზოგადოების ფონდი
    • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
    • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

რას გულისხმობს „ქართული ოცნების“ ინიციატივა, ნახეთ აქ:

ფარული მოსმენების ვადები შესაძლოა გაიზარდოს

მასალების გადაბეჭდვის წესი