სამართალი

ფარული მოსმენების ვადები შესაძლოა გაიზარდოს

20 აპრილი, 2022 • 1944
ფარული მოსმენების ვადები შესაძლოა გაიზარდოს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა მმართველი გუნდიდან ინიცირება მოახდინეს კანონპროექტისა, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველ უწყებებს მნიშვნელოვნად ეზრდებათ ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული მიყურადების განხორციელების ვადები. მეტიც, არაერთი დანაშაულის გამოძიების შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა უსასრულოდაც გაგრძელდეს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად: ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება გაიცემა იმ ვადით, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა. თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდება, დასაშვებია მისი გაგრძელება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, ამ თავით დადგენილი წესით, არაუმეტეს 2 თვისა. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს, რის გამო ვერ მოხერხდა გამოძიებისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვისა გაგრძელდეს საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.

ირაკლი ბერაიას, ალექსანდრე ტაბატაძის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, რატი იონათამიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი კი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხებს სხვაგვარად აწესრიგებს.

კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგი სახის საკანონმდებლო ცვლილებებს: დგინდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა შეადგენს არაუმეტეს 9 თვეს და ის სამ ეტაპად ტარდება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

კანონპროექტით, ფარული საგამოძიებო მოქმედება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით პირველ ეტაპზე ტარდება არაუმეტეს 3 თვის ვადით, მეორე ეტაპზე − ზემდგომი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო მესამე ეტაპზე − საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი პირველი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით არაუმეტეს 3 თვის ვადით.

ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი პირველი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით შესაძლოა კიდევ ერთხელ გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტარდება.

გარდა ამისა, თუ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 142-ე, 1421 , 143-ე-1432 , 144-ე-1443 , 155-ე, 1571 , 194-ე, 1941 , 223-ე-226-ე, 230-ე-232-ე, 234-ე- 2351 , 2391 , 252-ე, 255-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით, 2551 , 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილებით, 262-ე, 263-ე, 284-ე, 308-ე-3211 , 3221-333-ე, 337-ე-339-ე, 341-ე, 342-ე, 343-ე, 3431 , 345-ე, 346-ე, 404-ე-413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა, სასამართლოს კონტროლით, შესაძლოა იმდენჯერ გაგრძელდეს, რამდენჯერაც იარსებებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი

გარდა ამისა, დგინდება, რომ თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 142-ე, 1421 , 143-ე-1432 , 144-ე-1443 , 155-ე, 1571 , 194-ე, 1941 , 223-ე-226-ე, 230-ე-232-ე, 234-ე-2351 , 2391 , 252-ე, 255-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით, 2551 , 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილებით, 262-ე, 263-ე, 284-ე, 308-ე-3211 , 3221-333-ე, 337-ე-339-ე, 341-ე, 342-ე, 343- ე, 3431 , 345-ე, 346-ე, 404-ე-413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან  დაკავშირებით ჩატარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის იმ პირისთვის შეტყობინება, რომლის მიმართაც ის ჩატარდა, შესაძლოა გადავადდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, საზოგადოებრივ წესრიგისა და საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის საფრთხის შექმნის თავიდან ასაცილებლად.

ამ შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინება, სასამართლოს კონტროლის საფუძველზე, ყოველ ჯერზე შესაძლოა გადავადდეს არაუმეტეს 12 თვის ვადით.

მოქმედი კანონმდებლობით პირს, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, 24 თვის ვადაში უნდა აცნობონ ამის შესახებ. კანონპროექტის ავტორების შეფასებით,  ვინაიდან აღნიშნული წესი არანაირ გამონაკლისს არ ითვალისწინებს, შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ასეთ მცირე დროში შეტყობინებამ საფრთხე შეუქმნას საგამოძიებო ორგანოს ფუნქციონირების ეფექტიანობას და არსებითად დააზიანოს სახელმწიფო უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი. აქედან გამომდინარე, მათი თქმით, აუცილებელია, ახლებურად მოწესრიგდეს ფარული საგამოძიებო მოქმედება.

“კანონპროექტი ემსახურება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ეფექტიანობის გაზრდას და, ამავდროულად, სათანადოდ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზნად სწორედ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებს”, – აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი