ახალი ამბები

პირველი ხელისუფლება ვართ, როცა ქვეყანას ომი არ ჰქონია – „ოცნება“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

21 აპრილი, 2022 • 1796
პირველი ხელისუფლება ვართ, როცა ქვეყანას ომი არ ჰქონია – „ოცნება“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

„ქართული ოცნება“ პარტიის დაარსებიდან 10 წლისთავს აღნიშნავს და განცხადებას ავრცელებს, სადაც იმ მიღწევებზე საუბრობს, რომელიც პარტიის მმართველობამ, მათი აზრით, საქართველოს მოუტანა.

„ოცნება“ მიღწევებს შორის თავისი მმართველობი პერიოდში ქვეყანაში ომის არარსებობას ასახელებს.

„ქართული ოცნების ხელისუფლება არის პირველი ქართული ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ განამტკიცა მშვიდობა და თვისებრივად აამაღლა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი“, – ნათქვამია „ოცნების“ განცხადებაში.

გარდა ამისა, „ოცნება“ დემოკრატიის კუთხით თავის მიღწევებზეც ვრცლად საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხი ეკონომიკის განვითარების ხარისხს მნიშვნელოვნად უსწრებს წინ. პარტიის განცხადებით, ასეთ დროს საზოგადოების აღქმაში დემოკრატიასაც ნაკლები ფასი აქვს.

„მაღალი ხარისხით არის უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. აღიკვეთა არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა და არჩევითი ორგანოები მოსახლეობის ნების შესაბამისად ფორმირდება. მაღალი სტანდარტით არის დაცული ეკონომიკური თავისუფლება და საკუთრების უფლება. ქვეყანას აქვს ახალი კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასა და სტანდარტებს.

სასამართლო, პროკურატურა და შსს აღარ გამოიყენება რეპრესიულ მექანიზმად, რაც არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებითა და სტატისტიკური მონაცემებით თვალნათლივ დასტურდება.“, — აცხადებს „ქართული ოცნება“.

10 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს, შედგა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი