ახალი ამბები

ენმ-ის ლიდერები კიევში არახამიას, სტეფანჩუკსა და ერმაკს შეხვდნენ

21 აპრილი, 2022 • 2183
ენმ-ის ლიდერები კიევში არახამიას, სტეფანჩუკსა და ერმაკს შეხვდნენ

უკრაინაში ვიზიტით მყოფი „ნაციონალური  მოძრაობის“ წევრები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს შეხვდნენ.

ერმაკის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი და მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გაავრცელა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის წევრები ერთი კვირაა უკრაინაში იმყოფებიან. ისინი უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლამდე ერთი დღით ადრე – 15 აპრილს ჩავიდნენ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში 16 აპრილს იმყოფებოდა. საპარლამენტო დელეგაციაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ენმ-ის წარმომადგენლებმა.

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უმაღლესი რადის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საპარლამენტო დელეგაციას არავინ შეხვედრია.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ენმ-ის დელეგაცია უკრაინაში ვიზიტით იმყოფება, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმ ფონზე, როცა უკრაინაში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვოლოდიმი ზელენსკი არ შეხვედრია, მისი შეხვედრა ენმ-ის წევრებთან უარყოფითი ნიშანი იქნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი