უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი ემზადება ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში”ფსევდორეფერენდუმები” ჩაატაროს,  ე.წ. სახალხო რესპუბლიკების გამოცხადებისა და რუსეთთან შეერთების მიზნით.

„ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბეჭდავენ ბიულეტენებს, ბლანკებს, ბროშურებს, პლაკატებსა და ბუკლეტებს „რეფერენდუმზე“ კენჭისყრისთვის, რაც მიზნად ისახავს საოკუპაციო ხელისუფლების აღიარებას და მორიგი ფსევდორესპუბლიკის შექმნას. ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ რეალური ხმის მიცემა, რუსული მედიისთვის მოწყობილი საჩვენებელი უბნების გარდა, არ ჩატარდება“, — აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა.

უკრაინული დაზვერვის ცნობით, ბლანკებისა და ბიულეტენების ფიქტიური შევსების მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის პასპორტის მონაცემები ამოიღეს „ჰუმანიტარული დახმარების“ გაცემისას შეგროვებული კითხვარებიდან. თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ დაწყებულია რუსული პასპორტების გაცემაც.

უწყების ცნობით, ნიკოლაევის რაიონში, ოკუპირებულ სნეგირევკაში ამზადებენ ე.წ. რეფერენდუმს ყირიმთან მიერთების შესახებ და პრორუსი მერის „არჩევნებს“. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ადგილობრივი საკრებულოს პრორუსი ხელმძღვანელი ტატიანა მეზინა და ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე ლარჩენკო.

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გენადი ლაგუტას თქმით, რუსეთი ხერსონში ფსევდორეფერენდუმის ჩატარებას მაისის პირველ რიცხვებში გეგმავს. მისი თქმით, ხერსონელები ელიან გათავისუფლებას.

„ხერსონი უკრაინაა. მას სურს ცხოვრება ერთიან, მშვიდობიან, თავისუფალ უკრაინაში… „რეფერენდუმი“, როგორც არ უნდა უწოდონ მას, იქნება ფალსიფიკაცია და უკანონობა“, — თქვა მან.

ხერსონის მერმა იგორ კოლიხაევმა საჯაროდ სთხოვა პრეზიდენტის აპარატს და სამხედრო ადმინისტრაციას, მიეწოდებინათ მისთვის ოფიციალური ახსნა-განმარტება, თუ როგორ უნდა იმუშაოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ რუსეთის მიერ საოკუპაციო ხელისუფლების შექმნის შემთხვევაში. სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა გენადი ლაგუტამ მას ურჩია გაქცეულიყო, თუ ტყვედ ჩავარდნის ეშინოდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაეწერა გათავისუფლების ბრძანება. მანამდე კოლიხაევმა განაცხადა, რომ ქალაქის მთელი კანონიერი აღმასრულებელი ხელისუფლება ადგილზეა.

უკრაინის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ხერსონზე რუსეთის ძალებმა კონტროლი 3 მარტს დაამყარეს. ეს იყო პირველი სტრატეგიული ქალაქი, რომლის დაკავებაც რუსეთმა შეძლო ომის დაწყებიდან დღემდე. ქალაქში იმართება რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები.

„ხერსონი უკრაინაა“ – რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქის მაცხოვრებლები აქციას მართავენ