ახალი ამბები

შოლცის თქმით, გერმანია უკრაინის დახმარებას იარაღის მწარმოებლების მეშვეობით გააგრძლებს

19 აპრილი, 2022 • 1341
შოლცის თქმით, გერმანია უკრაინის დახმარებას იარაღის მწარმოებლების მეშვეობით გააგრძლებს

გერმანია უკრაინის დახმარებას იარაღის მწარმოებლების მეშვეობით გააგრძლებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 19 აპრილს განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიამ თავისი მარაგებიდან ამოწურა იარაღი, რომლის მიწოდებაც შეეძლო უკრაინისთვის. შოლცის თქმით, „არსებითი ზემოქმედების მქონე იარაღი“ უკრაინას უკვე მიეწოდება და გერმანია კიევს დაეხმარება, იარაღის მწარმოებლებისგან ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის იარაღი მიიღოს.

„ჩვენ ვაპირებთ გადავიხადოთ ამ [იარაღის] მიწოდების თანხა“, – განაცხადა შოლცმა.

კანცლერის თქმით, მიზანი უკრაინის სამხედრო ძალების ისე გაძლიერებაა, რომ რუსეთის თავდასხმის მოგერიება შეძლოს.

კითხვაზე, მიაწოდებს თუ არა გერმანია უკრაინას მაღალი კლასის „ლეოპარდის“ ტანკებს, მან თქვა, რომ ბერლინი, ისევე როგორც მისი დასავლელი მოკავშირეები, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე გონივრული იმ იარაღის მიწოდებაა, რომელთა გამოყენებაც უკრაინელებმა უკვე იციან.


რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი უკვე 55 დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რუსეთმა ვერ შეძლო დედაქალაქის – კიევის დაკავება.

უკრაინული მხარის განცხადებით, 18 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ომის ახალი ფაზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი