ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

19 აპრილი, 2022 • 1879
ფაშინიანი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები რუსეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრნენ, რომლის ფარგლებშიც ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ოფიციალური ცნობით, ფაშინიანის შეხვედრები ასევე დაგეგმილია რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელთან, მიხაილ მიშუსტინთან, სახელმწიფო დუმის სპიკერთან, ვიაჩესლავ ვოლოდინთან და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარესთან, ვალენტინა მატვიენკოსთან.

მხარეებს შორის განსახილველი საკითხები, ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთ-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობები და ყარაბაღის თემაა.

რუსეთმა რამდენიმე დღის წინ ყარაბაღში არ შეუშვა სომეხი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც  რუსული მხარის მიმართ ფაშინიანისა და სხვა პოლიტიკოსების ხისტი განცხადებები მოჰყვა. 13 აპრილის პარლამენტის სხდომაზე ფაშინიანმა განაცახდა, რომ “სამმხრივი განცხადება არ ითვალისწინებს რაიმე შემოწმებას, მით უმეტეს, გადაადგილების შეზღუდვას სომხეთის პარლამენტის დეპუტატებისთვის”.

ყარაბაღში 44- დღიანი ომის შემდეგ, რუსეთის შუამავლობით 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში განთავსდა რუსული სამშვიდობო მისია, რომელიც დაახლოებით 2000-კაციანი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. რუსული მხარე აკონტროლებს ლაჩინის კორიდორსაც, რომელიც სომხეთს დე ფაქტო მთიან ყარაბაღთან აკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი