ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსმა სამხედროებმა სომეხი პარლამენტარები ყარაბაღში არ შეუშვეს

14 აპრილი, 2022 • 2500
რუსმა სამხედროებმა სომეხი პარლამენტარები ყარაბაღში არ შეუშვეს

სომხეთის საგარეო  საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლის დროს განმარტა, თუ რატომ აუკრძალა რუსეთმა სომხეთის პარლამენტის დეპუტატებს მთიან ყარაბაღში შესვლა.

“როგორც კი ცნობილი გახდა, რომ დეპუტატები ვერ შედიან მთიან ყარაბაღში ლაჩინის კორიდორით, ჩვენ შესაბამისი ზომები მივიღეთ. კავშირზე ვიყავით როგორც ყარაბაღის, ასევე რუსეთის ხელისუფლებასთან უმაღლეს დონეზე. რუსეთის ხელისუფლებამ განმარტა, რომ დეპუტატებს იქ შესვლა შეუზღუდეს შესაძლო პროვოკაციების გამო და ყარაბაღში მათი ვიზიტი მიზანშეწონილი არ იყო”, – განაცხადა მირზოიანმა.

სომხეთის ექსპრეზიდენტების, რობერტ ქოჩარიანისა და სერჟ სარგსიანის ფრაქციებმა, “სომხეთი” და “მაქვს პატივი”, გადაწყვიტეს ბოიკოტი გამოეცხადებინათ პარლამენტის ოთხდღიანი სესიისთვის და ყარაბაღში გამგზავრებულიყვნენ. თუმცა რუსმა სამშვიდობოებმა ისინი ტერიტორიაზე არ გაატარეს და მთიანი ყარაბაღის დეპუტატებს მათთან შესახვედრად ადგილზე ჩასვლა მოუწიათ.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ “აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას, რომელიც ითვალისწინებს ლაჩინის დერეფნით მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის უწყვეტ კავშირს. განცხადების ყველა მხარემ მკაცრად უნდა დაიცვას და განახორციელოს აღებული ვალდებულებები”.

რუსული  მხარის ქმედებით უკმაყოფილოა პრემიერი ნიკოლ ფაშინიანიც, რომელმაც 13 აპრილის პარლამენტის სხდომაზე ასევე განაცახდა, რომ “სამმხრივი განცხადება არ ითვალისწინებს რაიმე შემოწმებას, მით უმეტეს ,გადაადგილების შეზღუდვას სომხეთის პარლამენტის დეპუტატებისთვის”.

ყარაბაღში 44- დღიანი ომის შემდეგ, რუსეთის შუამავლობით 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში განთავსდა რუსული სამშვიდობო მისია, რომელიც დაახლოებით 2000-კაციანი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. რუსული მხარე აკონტროლებს ლაჩინის კორიდორსაც, რომელიც სომხეთს დე ფაქტო მთიან ყარაბაღთან აკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი