ახალი ამბები

„აზოვსტალს“ ბავშვებით ათასამდე მშვიდობიანი მოქალქე აფარებს თავს — საპატრულოს უფროსი

18 აპრილი, 2022 • 1388
„აზოვსტალს“ ბავშვებით ათასამდე მშვიდობიანი მოქალქე აფარებს თავს —  საპატრულოს უფროსი

ალყაშემორტყმულ მარიუპოლში, მეტალურგიული ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორიას, სამხედროების გარდა, თავს აფარებს ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის არიან დედები ჩვილი ბავშვებით, მოხუცები, მოზარდები. ინფორმაცია CNN-ს მიაწოდა მარიუპოლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა მიჰაილო ვერშინინმა.

„აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგადაც ვერ შეძლო რუსულმა არმიამ. მათ ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულ სამხედროებსა და სხვა პირებს 17 აპრილამდე დანებებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბური ოპერაციით დაემუქრნენ. რუსეთის არმიის ულტიმატუმი უკრაინელმა სამხედროებმა უკუაგდეს.

როგორც მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსმა CNN-ს უთხრა, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებსაც არ უნდოდათ წასვლა, რადგან მათი გადარჩენის შანსები თავშესაფარში უფრო მეტი იყო მანამდე, სანამ რუსეთი საბოლოო ულტიმატუმს წამოაყენებდა. ერთადერთი, რაც ახლა მათ სურთ, ეს არის კორიდორის შექმნა, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს, მისცემს ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასვლის საშუალებას.

ვერშინინისვე თქმით, „აზოვსტალში“ საკვებისა და წყლის მარაგი საკმარისი იყო, თუმცა აღნიშნული სწრაფად იწურება, რადგან მომარაგების ყველა გზა ჩაკეტილია.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ბომბავს, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობას. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით ადამიანი, დაღუპულია 200-ზე მეტი ბავშვი. რუსეთი აგრძელებს უკრაინული ქალაქების დაბომბვას და 18 აპრილის მონაცემებით, შეტევის ახალი ფაზისთვის ემზადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი